ესპანური ლეგიონის ამბები: ბოისას გუნდმა ქულით იმარჯვა

ესპანურ პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში ტაირონ ელისის “კახასოლმა” ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდ “ბარსელონას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 68:74 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და 15 ქულაც მიითვალა, თუმცა, კატალონიელთა დასაჯაბნად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
 

შეტევაზეა ტაირონ ელისი
 
მოედანზე გატარებულ 29 წუთში ელისმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-ვე ჯარიმა ჩააგდო, 6 სამქულიანიდან კი 1 გამოიყენა. ტაირონს აქტივში 1 მოხსნაცაა.
“კახასოლს” ერთადერთი გამარჯვება აქვს და 17-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ვლადიმერ ბოისას “ვივემენორკამ”, რომელმაც სტუმრად “ბრუესას” 74:73 სძლია.
ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ვოვამ 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა.
მენორკელთა წარმატებული თამაში უმეტესწილად პუჰ ჯეტერის ჩინებულმა გარჯამ განაპირობა. ამერიკელის აქტივში 31 ქულაა.
ბოისას გუნდი 4 მოგებითა და 7 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება.
 

ვლადიმერ ბოისა ბრძოლისას ფიცარნაგზე აღმოჩნდა
 
ნიკა ცქიტიშვილის  „ფუენლაბრადა“ ესპანური ლიგის ერთ–ერთ გრანდ “ტაუ კერამიკას” შეხვდა  და  74:86 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა სტუმართა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ცქიტიშვილმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი გაუცუდდა.
Fernando Buesa Arena-ზე გამართულ შეხვედრას 9200 მაყურებელი დაესწრო, საუკეთესო მოთამაშე კი “ტაუს” წევრი ტიაგუ სპლიტერი გახდა, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
“ფუენლაბრადას” 5 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და მე-10 ადგილზე იმყოფება.