ევრობასკეტ 2013-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი გამოაცხადა. თავდაპირველად, 18 მარტიდან, გულშემატკივრებს საპრიზო ადგილების მატჩებზე და ნახევარფინალებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეეძლებათ, შემდეგ კი ეტაპობრივად დანარჩენი შეხვედრების ბილეთებიც გაიყიდება.
ერთი კვირის შემდეგ, 25 მარტიდან, გასაყიდად მეოთხედფინალებისა და V-VII ადგილების მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს გამოიტანენ, ხოლო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის ბილეთების გაყიდვა 1 აპრილიდან დაიწყება. ჯერ არაა ცნობილი და მოგვიანებით გამოცხადდება, თუ როდიდან დაიყიდება პირველ ჯგუფურ ეტაპის მატჩების ბილეთები.
სლოვენიაში იქნება სიახლე: გულშემატკივარს საშუალება ექნება, კონკრეტული მატჩი აირჩიოს და მხოლოდ მას დაესწროს. აქამდე კი ჯგუფური ეტაპისას იყიდებოდა მთელ დღეზე გათვლილი საშვები და გულშემატკივარს ერთბაშად 3 მატჩის ყურების საშუალება ჰქონდა. ამის გამო ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა ძვირადღირებული ბილეთების შეძენას. ორგანიზატორთა გათვლით, ერთ მატჩზე დასასწრები ბილეთების გამოშვებით უფრო გაიზრდება მაყურებელთა რიცხვი.
გამოცხადდა ასევე ის კომპანია, რომელიც ბლეთების გაყიდვებს აწარმოებს. ფირმა „ივენთიმი“ ტურისტულ სააგენტო „პალმა ტურიზმ ეგენსისთან“ ერთად უცხოელ ქომაგებს მატჩებზე დასწრების სრულ პაკეტს შესთავაზებს.
ბილეთების შეძენაზე პრიორიტეტი ეროვნულ საკალათბურთო ფედერაციებს, ოფიციალურ სპონსორებს და სლოვენიის საკალათბურთო კლუბებს მიენიჭებათ.