ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევ ტურნირში ეროვნული ნაკრების მეტოქეები 3 თებერვალს გაირკვევა

ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევ ტურნირში ეროვნული ნაკრების მეტოქეები 3 თებერვალს გაირკვევა

3 თებერვალს, ბარსელონაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. ძველი კონტინენტის 28 ქვეყნის ნაკრებთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობას საქართელოც მიიღებს და შესაბამისად, იმ მეტოქეებს შევიტყობთ, რომელთა წინააღმდეგაც მოგვიწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა.

ფინალური ეტაპის 8 საგზური დაკავებულია. 7 მათგანი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს ეკუთვნით, რომლებმაც  მუნდიალზე ასპარეზობის უფლება, თავის მხრივ, ევრობასკეტ 2013-ზე წარმატებული თამაშით დაიმსახურეს. ესენი არიან სლოვენიაში შარშან გამართული ევროპირველობის ჩემპიონი საფრანგეთი, პრიზიორი ლიტვა და ესპანეთი, ასევე მომდევნო ადგილებზე გასული ხორვატია, სლოვენია, სერბეთი და უკრაინა. მე-8 ნაკრები ესტონეთია, რომელმაც გასულ აგვისტოში ევრობასკეტ 2013-ის მიღმა დარჩენილ გუნდებს შორის გათამაშებული ევრობასკეტ 2015-ის საგზური მოიგო.
დღესდღეობით ევრობასკეტ 2015-ის შეარჩევი ეტაპისთვის რეგისტრირებულია 29 ნაკრები, თუმცა ეს რიცხვი უთუოდ შემცირდება. საქმე იმაშია, რომ კენჭისყრამდე 2 დღით ადრე ფიბა გამოაცხადებს იმ ნაკრებთა ვინაობას, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე “უაილდ ქარდით” დაიშვებიან. ფიბა-ს უკვე შერჩული ჰყავს ის ნაკრებები, რომელთაგან სავარაუდოდ 4-ს  მსოფლიოს პირველობის საგზურით დააჯილდოვებს. ესენი არიან: ბოსნია, გერმანია, რუსეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, იტალია და თურქეთი. შესაბამისად, ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევ ტურნირს ისინი გამოაკლდებიან, რომლებიც ფიბა-სგან მსოფლიო პირველობის “უაილდ ქარდებს” დაიმსახურებენ.
მაშ ასე, 2014 წლის 3 თებერვალს, ბარსელონაში დაგეგმილი კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდება ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი ტურნირის ჯგუფები და შესაბამისად, შევიტყობთ, თუ რომელ ნაკრებებთან მოგვიწევს ბრძოლა კონტინენტის პირველობის ფინაურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ მოსახვედრად.