წუხელ ფიბა–ევროპის ორგანიზებული ევროჩელენჯ–ტურნირის მორიგი ტური გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრთა გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა და ორმა მათგანმა იმარჯვა, ორიც კი დამარცხდა.
მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” დიდი ბრძოლა გადაიტანა რუსულ “ტრიუმფთან” და 66:65 სძლია. კიევში გამართულ შეხვედრაში ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 26 წუთი დაყო და მასპინძლებს 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შეაშველა.
მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანიდან კი ყველა გააცუდა.
ჩვენებურმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი კი ერთადერთელ დაკარგა.
ამ გამარჯვებით მარკოიშვილის გუნდმა H ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. კიეველებს 4 მატჩიდან 3 აქვთ მოგებული.
გიორგი ცინცაძე რუსების ფარს უტევს
დამარცხდა გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკი”, რომელიც კიდევ ერთ რუსულ კლუბ ცსკ-ვვს-ს მასპინძლობდა და 58:80 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ტარტუელებმა პირველ წრეში სამარაში ვე–ვე–ესი დაამარცხეს, თუმც შინაურ კედლებში იგივეს გაკეთება ვეღარ მოახერხეს.
ცინცაძემ 28 წუთი ითამაშა, თუმცა 9 ტყორცნიდან მხოლოდ 2 გამოიყენა და 5 ქულას, 1 მოხსნას, 3 პასსა და 2 ჩაჭრას დასჯერდა.
ქართველი გამთამაშებელი ორჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა.
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი მიზანს მიღმა სტყორცნა.
ვიქტორმა 4 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
2 მოგებითა და 2 მარცხით “როკი” G ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება.
A ჯგუფში ასევე მე-2 საფეხურზე დამკვირდა ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელმაც სტუმრად პოლონური “ენერჯა ჩარნი” 83:53 გაანადგურა და 4 მატჩში 2 გამარჯვება მოუგროვდა.
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 24 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა და ესპანურ კლუბს დიდი სარგებელი მოუტანა.
ელისმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა.
ამასთანავე, ტაირონი არც დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს.
ტაირონ ელისი “ენერგიელ” მანტას ჩესნაუსკისს აედევნა