ევროპის ყველაზე პრესტიჟული და მძლავრი საკალათბურთო ლიგა დაიწყო. ევროლიგის პირველ ტურში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო. მანუჩარ მარკოიშვილმა, რომლის კარგი თამაშის მიუხედავად „კანტუ“ შინ „ოლიმპიასთან“ დამარცხდა და გიორგი შერმადინმა, ვისმა „მაკაბიმაც“ სტუმრად ესპანური „უნიკახა“ დაამარცხა.
მარკოიშვილმა 19 წუთში 13 ქულა მოაგროვა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას მარკოიშვილმა 2 პასი და 1 მოხსნაც მოაყოლა და კანტუელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის. ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა „ოლიმპიამ“ გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 84:71.
სლოვენიურ კლუბს დილან პეიჯმა 17 ქულით ულიდერა, არონ ბეინსს 16 ქულა ჰქონდა, ხოლო ფინელმა საშუ სალინმა 15 დააგროვა. კანტუელთაგან ბომბარდირი პიეტრო არადორი გახდა 16 ქულით, მარკოიშვილი კი 13-ით მეორე მექულე გახდა. მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, „კანტუ“ ათენში „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.
გიორგი შერმადინმა „მაკაბის“ გამარჯვებაში 9-ქულიანი წილი დაიდო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა ცხრავე ქულა საჯარიმოებით მოაგროვა. შერმადინმა პირველად ითამაშა თელავიველთა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მოედანზე დიდ ხანს არ ყოფილა. გიორგიმ 14,25 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 12 საჯარიმო ესროლა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ცენტრი სამწამიანში ძალიან აქტიური იყო და მის შეჩერებას ესპანელები ჯარიმებით ახერხებდნენ. შერმადინმა 2 ოქრულიანის სროლა მაინც მოახერხა, მაგრამ არაზუსტად, ხოლო 12 საჯარიმოდან, როგორც ვთქვით, 9 ჩააგდო. შერმადინმა პირად აქტივს 3 მოხსნაც შემატა, პასივში კი 2 დაკარგვა ჩაეწერა.
რაც შეეხება შეეხება მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე, შერმადინის გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა. საბოლოოდ სტუმრებმა 85:80 გაიმარჯვეს, რაც მათი გუნდური თამაშის დამსახურებაა. მაკაბელთაგან 16 ქულით ბომბარდირი რიკი ჰიკმანი გახდა, ლიორ ელიაჰუმ 15 დააგროვა, ხოლო დევიდ ლოგანმა – 14. მალაგელებს კი 25 ქულით ერლ კალოვეიმ ულიდერა, კრუნოსლავ საიმონსს კი 19 ქულა დაუგროვდა.
მომდევნო ტურში „მაკაბი“ ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ უმასპინძლებს, რომელიც ევროლიგის პირველ მატჩს დღეს ღამე შინ ბერლინის „ალბასთან“ ჩაატარებს.