ევროლიგა: შერმადინის საჯარიმომ “კანტუს” “ჟალგირისთან” გამარჯვება მოუტანა

ევროლიგა: შერმადინის საჯარიმომ “კანტუს” “ჟალგირისთან” გამარჯვება მოუტანა

გიორგი შერმადინმა „ჟალგირისთან“ საევროლიგო შეხვედრის ბოლო წუთზე 3 საჯარიმო ჩააგდო, აქედან მესამე, მატჩის ბოლო ქულა იყო – „კანტუმ“ კი ლიტვური გუნდი 79:78 დაამარცხა. შესაბამისად, შერმადინმა საჯარიმოს ხაზიდან კანტუელებს გამარჯვების ქულა შესძინა. მატჩის დასრულებამდე 2,6 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, კაუნასელები შერმადინზე დაჯარიმდნენ. ქართველმა ცენტრმა პირველი ბურთი ჩააგდო, „კანტუ“ 79:78 დააწინაურა, ხოლო მეორე სროლა განზრახ ააცილა, რაკი მეტოქეებს საკუთარ ფარზე ბურთის მოხსნის შემთხვევაში წარმატებული შეტევის დრო აღარ დარჩენოდათ. ესეც მოხდა: მართალია, შერმადინის აცილებული „ჟალგირისის“ უკანახაზელმა მარკო პოპოვიჩმა მოხსნა, მაგრამ სანამ იგი მოედნის ცენტრამდე მივიდა, მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. პოპოვიჩის ალალ ბედზე, ძალიან შორიდან ნასროლი სამქულიანი ფარსაც კი არ შეეხო და კანტუელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

გიორგი შერმადინი კაუნასელთა გარემოცვაში
შერმადინი მანამდეც ჩინებულად ირჯებოდა და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5–დან 3 ორქულიანი და 7–დან 6 საჯარიმო ჩააგდო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შერმადინი (16) თავის გუნდში მხოლოდ ჯანლუკა ბაზილეს (23) ჩამორჩა.
შერმადინის მსგავსად ხუთეულში არ უთამაშია მანუჩარ მარკოიშვილს, რომელმაც მოედანზე 15,22 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 3–დან 3 ორქულიანი და 1–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. მანუჩარმა 2 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. ერთი სიტყვით, ქართველების წვლილი ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში უდიდესია.
შეხვედრა კანტუელებმა კარგად დაიწყეს და საწყისი მეოთხედი 21:17 მოიგეს, თუმცა მომდევნო ათწუთეულებში სტუმრებმა ყველაფერში იძალეს. „ჟალგირისმა“ დიდი შესვენებისთვის 4–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტი მეოთხედის წინ 10–ამდე გაზარდა: 59:49. ბოლო ათწუთეულში კანტუელებმა დიდი შეუპოვრობა გამოავლინეს და საბოლოოდ დრამატულ ფინალში 1 ქულით იმარჯვეს. ბოლო პერიოდი შერმადინ–მარკოიშვილის გუნდმა 30:19 მოიგო.
H ჯგუფში მყოფ „კანტუს“ თითო  მოგებ–წაგება აქვს. მეორე შეხვედრა, რომელშიც „მაკაბი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს, დღეს გაიმართება. მომდევნო ტურში, 1 თებერვალს, „კანტუ“ სტუმრად „მაკაბის“ გაეჯიბრება.
 
ჯგუფი H
მაკაბი                          1          1          0          84        76        8        
ბარსელონა                 1          1          0          65        60        5
 კანტუ                          2         1           1         139      143     -4
ჟალგირისი                  2         0          2          154      163     -9