ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი, რომელიც უკრინაში უნდა გამართულიყო, 4 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის 4 ჯგუფი სათითაოდ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლატვიის დედაქალაქ რიგასა და საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში განაწილდება. ჩემპიონატის დასკვნით ნაწილს კი საფრანგეთის ქალაქი ლილი უმასპინძლებს, სადაც თავს ჯგუფებიდან გასული გუნდები მოიყრიან.
ეს გადწყვეტილება დღეს მადრიდში, ფიბა-ევროპის მმართველი საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს. ცვლილებაა გათმაშების ფორმატში. ჯგუფში კვლავინდებურად 6 გუნდი იქნება, თუმცა მომდევნო ეტაპზე 4 საუკეთესო გავა. ამასთან, აღარ იქნება მეორე ჯგუფური ეტაპი და ჯგუფებიდან გასული 16 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გააგრძელებს.
ევრობასკეტის კენჭისყრა სავარაუდოდ იანვარში გაიმართება, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელ ქვეყანაში ითამაშებს საქართველო – შესაბამისად სხვა ნაკრებებიც. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ყველა მატჩი ქალაქ ლილის პიერ მუროს სახელობის 27 000-იან დარბაზში გაიმართება.
„ესაა მნიშვნელოვანი მომენტი ევროპულ კალათბურთში – აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა – ყველა კანდიდატი ღირსეული იყო და რთული იყო მათ შორის არჩევანის გაკეთება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას, რომლებმაც ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. თითოეულმა მათგანმა დიდი სამუშაო გასწია“.
ფიბა-ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ: „საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ სად ჩატარდებოდა ევროპის ჩემპიონატი. რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ევროპული კალათბურთისთვის, მისი დაახლოებისთვისა და განვითარებისთვის. როცა იქნება კენჯისყრა, მაშინ შევიტყობთ, თუ სად, რომელ ქვეყანაში მოგვიწევს ჯგუფურ ეტაპზე თამაში. თუკი ჯგუფიდან გავალთ და ჩვენს ნაკრებს ამის ამბიცია ნამდვილად ექნება, პლეი ოფის მატჩებს საფრანგეთის ქალაქ ლილში ვითამაშებთ“.
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი 5-20 სექტემბერს გაიმართება.