საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა პოლონეთის ნაკრები ისე დაამარცხეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
პირველი მეოთხედის ბოლოს რომ უპირატესობა მოიპოვა, საქართველოს ნაკრები ბოლო მეოთხედამდე ლიდერობას იმყარებდა. მეოთხე პერიოდში ქართველების უპირატესობამ 24 ქულას მიაღწია და მატჩის ბოლო 8 წუთმა ინტრიგის გარეშე ჩაიარა.
საქართველოს ნაკრებმა ჩინებულად ითამაშა დაცვაში და წარმატების მიზეზი, როგორც მატჩის შემდეგ ყველამ ერთად აღნიშნა, სწორედ ეს კომპონენტი იყო. გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე, რომლებსაც მეორე მეოთხედში ნიკა ცქიტიშვილი შეეშველა, კარგად მეურვეობდნენ ყველაზე სახიფათო პოლონელ მოთამაშეებს – მარცინ გორტატს და მაციე ლამპეს.
პირველ ტაიმში, 20 წუთის მანძილზე, პოლონელებმა მხოლოდ 22 ქულა ჩააგდეს, რაც უპირველესად დაცვის შესანიშნავი გარჯის გამო მოხერხდა. ჩვენები შეტევეში თავიდან ბევრს ვერ აგდენდნენ, თუმცა ხეირიანმა დაცვითმა ტაქტიკამ ქართველებს რამდენიმე შეტევის გაფუჭება იოლად გადაატანინა.
ამასთან ერთად, ქართველებმა ნაკრების რეკორდი გააუმჯობესეს. პოლონეთთან მატჩში კოკოშკოვის გუნდმა მხოლოდ 5-ჯერ დაკარგა ბურთი, რაც არასდროს მომხდარა და რაც ნებისმიერი ნაკრებისთვის თითქმის მიუღწეველი შედეგია. პოლონელებმა, რომლებიც წინა ხაზთან ერთად მოქნილი პერიმეტრითა და სნაიპერებით გამოირჩევიან, პირველი სამქულიანი მატჩის ბოლო მეოთხედში ჩააგდეს. პოლონელების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა, ტომას კელატიმ, მატჩი 2 ქულით დაასრულა, ხოლო სლავთა მთავარმა იმედმა, მარცინ გორტატმა, თავი მხოლოდ 12 ქულას მოუყარა.
ქართველთაგან ყველაზე მეტი, 23 ქულა ვიქტორ სანიკიძემ ჩააგდო, მანუჩარ მარკოიშვილმა კი ძაალიან მნიშვნელოვანი საშუალო და შორი სროლებით 18 ქულა მოაგროვა. გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო გიორგი ცინცაძემ გამთამაშებლის როლი ბრწყინვალედ იტვირთა და გუნდს 11 ქულითა და 7 პასით შეეშველა.
საქართველოს ჯგუფში თამაშები საღამოს გაიმართება. ესპანეთი – ხორვატიას ხვდება, ხოლო მასპინძელი სლოვენია ჩეხეთს ეთამაშება. ხვალ, თბილისის დროით 16:30 საათზე, იგორ კოკოშკოვის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.
სრული სტატისტიკა: 84:67