ევროპის ლიგის რიგის ეტაპი 15-წლამდელებმა მოსკოვის დინამოსთან მარცხით დაასრულეს

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი – რიგაში გამართული ეტაპი 1 მოგებითა და 1 მარცხხით დაასრულა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის დედაქალაქში ჩატარებული ეტაპის ბოლო მატჩი მოსკოვის დინამოსთან წააგო.
მოსკოველთა უპირატესობა საგრძნობი იყო. რუსული გრანდის ახალგაზრდულმა გუნდმა საწყისი სამი მეოთხედი მოიგო, ბოლო პერიოდი კი ფრედ – 18:18 დასრულდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 68:49 რუსული კლუბის სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრებში ირაკლი სულხანიშვილი გამოირჩა, რომელმაც წინა მატჩებშიც იყოჩაღა. კლუბ „იბერის“ წევრმა 17 ქულა მიითვალა. 12 ქულა და 7 მოხსნა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა, ლუკა ხობელიამ კი 9 წუთში 7 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრები დღეს, გამთენიისას თბილისში დაბრუნდა. მომდევნო ეტაპი 14-17 იანვარს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.