ევროპის ლიგის სანკტ-პეტერბურგის ეტაპი საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

ევროპის ლიგის სანკტ-პეტერბურგის ეტაპი საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე ტური წაუგებლად, პირველ ადგილზე დაასრულა. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ეტაპის დასკვნითი, მე-5 მატჩიც მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.

ქართველებმა სანკტ-პეტერბურგის ეტაპზე 18 და 19 მარტს 4 შეხვედრა მოიგეს. ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩში რუსულ კლუბებს აჯობა და დღეს, ბოლო შეხვედრაში პოლონურ „პომერანიას“ დაუპირისპირდა, რომელიც 82 ქულით – 87:15 გაანადგურა. საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 31:8 მოიგო, ხოლო მეორეში 22:4 იმარჯვა და მატჩის ბედი გადაწყვტა.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა სათამაშო დრო ყველა მოთამაშეს მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაუნაწილეს. მხოლოდ მათე კაპანაძემ ვერ ითამაშა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. საუკეთესო შედეგი საბა გიგიბერიამ დააფიქსირა, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა ვოვა თავაქარაშვილმა, გიორგი ბიგანაშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა.
დაჯილდოვების ცერემონიალზე საქართველოს ნაკრებს ეტაპის გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი გადასცეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ვოვა თავაქარაშვილი დასახელდა. ცალკე გამოავლინეს ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ალექსანდრე მერკვილაძე გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც 3 ეტაპისგან შედგებოდა, 11 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა. ქართველებმა პირველ ეტაპზე 2 მატჩი მოიგეს, მეორეში – 4, ხოლო სანკტ-პეტერბურგის დასკვნითი ეტაპი წაუგებლად – 5 გამარჯვებით დაასრულეს.
ჩვენს ნაკრებს დიდი შანსი აქვს, სუპერფინალში გავიდეს და საპრიზო ადგილებისთვის დამატებით ეტაპზე იბრძოლოს. საამისოდ ქართველებს 16-გუნდიანი ლიგის ოთხეულში მოხვედრა ესაჭიროებათ და სავარაუდოდ მოხვდებიან კიდეც. საბოლოოდ ეს დღეს საღამოს გაირკვევა, როცა ყველა მატჩები დასრულდება. 
საქართველო – პომერანია 87:15

ალექსანდრე მერკვილაძე
ვოვა თავაქარაშვილი