ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე დამარცხება იწვნია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელის, ტორინ გრინის „გრან კანარიამ“. ლასპალმასელები დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში 110:114 დამარცხდნენ. კანარელებმა შეხვედრა ზაგრებში, ხორვატულ „ცედევიტას“ წინააღმდეგ გამართეს.
ტორინ გრინი ამ შეხვედრაში კარგად გაისარჯა. მან 8 ქულა მიითვალა, თუმცა თანაგუნდელებს კარგად ამარაგებდა პასებით და საბოლოოდ 7 შედეგიანი გადაცემაც დაუგროვდა. გრინმა 3–დან 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა, ხოლო 1 ორიანი ააცილა.
შეტევაშია ტორინ გრინი
„ცედევიტასთან“ ერთად „გრან კანარია“ 3–4 ადგილებს იყოფს, ხოლო პირველზე ყაზანის „უნიკსია“, მეორეზე კი ბელგრადული „ჰემოფარმი“.
წააგო მეორე ქართულპასპორტიანი ამერიკელის, ტაირონ ელისის „ესტუდიანტესმაც“. ელისის გუნდი იტალიაში „კასერტას“ შეხვდა და 85:87 დამარცხდა. ტაირონმა 30 წუთში 11 ქულა შეაშველა თავისიანებს, მაგრამ გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ესტუდიანტესისთვის“ ეს გახლდათ პირველი მარცხი მეორე ჯგუფურ ეტაპზე. 2 მოგებითა და 1 წაგებით ელისის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილზეა.
გაიმარჯვა 16 წლის ნიკა ბურჯანაძის „კახასოლმა“, რომელმაც შინ ბერლინის „ალბა“ 76:67 დაამარცხა, თუმცა ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი კვლავ სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოსულა.