კაფე “მსოფლიო სპორტში” ქართული კალათბურთის მომავლისადმი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა. დაარსდა სუპერლიგა, რომლის პრეზენტაციაც მოახდინეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა ძიძავამ და სუპერლიგის მენეჯერმა ნიკა ხომასურიძემ. დამდეგი სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ახალი ბრენდით გაიმართება. ეს ბრენდი სუპერლიგაა და ამ პროექტით ქართული კალათბურთის წინსვლა, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის სრულყოფამდე მიყვანაა დაგეგმილი.
მასმედიასთან შეხვედრა ბესიკ ლიპარტელიანმა გახსნა: “ამ პროექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ იყო დაწყებული, ხოლო თქვენთან შეხვედრის ოდნავ დაგვიანება კი ბევრი საკითხის გადაჭრის გამო მოხდა. ახალი პროექტი მიზნად პირველ რიგში, კალათბურთის ჩვენს ქვეყანაში პოპულარიზაციას ისახავს და იმედი მაქვს, ჩანაფიქრი ლამაზ რეალობად იქცევა”.
ამის შემდეგ სიტყვა ვიცე-პრეზიდენტმა აიღო: “ სუპერლიგაში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს (“აზოტი”, “თბილავიამშენი”, “დინამო”, სტუ, თსუ და “მაკაბი”).აღნიშნული პროექტის განხორციელებას რამდენიმე საკითხის მოგვარება სჭირდებოდა.მთავარი, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარეა. სასიხარულოა, რომ ამ პროექტზე მუშაობისას, ხანგრძლივი შრომის შემდეგ სპონსორების საკითხი ნაწილობრივ გადაწყვეტილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე მუშაობა შეჩერდება. გრძელდება სხვა კომპანიებთან მუშაობა, ხოლო ამ ეტაპზე გეტყვით, რომ სუპერლიგის გენერალური სპონსორი კომპანია “მაგთია”.
აუცილებელი იღო, სუპერლიგის მატჩების ტელეტრანსლირებას სისტემური, პერმანენტული სახე მისცემოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან უკვე მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ყოველ შაბათს, ანუ სუპერლიგის კვირეული ფორმატისას კონკრეტული ტურის ცენტრალური მატჩის ტრანსლაცია შედგება.მნიშვნელოვანი იყო არასაკალათბურთო მოვლენების მენეჯმენტის საკითხის სრულყოფაც. ამაზე ამ პროექტის მენეჯერი ნიკა ხომასურიძე მოგახსენებთ.”
ნიკა ხომასურიძე: “როგორც ბატონმა ლაშამ განაცხადა, ეს იქნება პირველი სერიოზული მასობრივი სახის მქონე სპორტული ღონისძიება, რომელიც საქართველოში სისტემურ სახეს მიიღებს.
ცენტრალური მატჩის მსვლელობისას უამრავი საინტერესო კონკურსი გაიმართება, რაც პროექტის სანახაობრივ მხარეზე სრული დატვირთვით იმუშავებს. პროექტში ჩავრთავთ ჩვენი შოუ-ბიზნესის ცნობილ სახეებს, ხოლო მატჩებისას მაყურებელს განწყობას პროფესიონალ მოცეკვავეთა ჯგუფი აუმაღლებს.
დასრულებულია მუშაობა ლიგის ჰიმნზე, ხოლო სულ მალე სუპერლიგის ლოგოსაც წარმოგიდგენთ. ამ ლოგოს პროტოტიპად ერთ-ერთი მოთამაშე უყოლება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემა “არენაში” შედგება ყოველი ტურის ჰაილაითების შეჯამება და ამას სოლიდური დატვირთვა მიეცემა. დამზადდება სიუჟეტები საუკეთესო მოთამაშეებზე, სიანტერესო მოვლენებზე.”
ლაშა ძიძავას თქმით, ერთ-ერთი ამოცანა ისიც არის, რომ სუპერლიგის მონაწილე ყველა გუნდს ფან-კლუბი ჰყავდეს. ეს შესრულებადია და ამის განხორციელებით თავად კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.
ასე რომ, კალათბურთის ფანებს, სტაჟიან გულშემატკივარს ბევრი საინტერესო სიახლე გელით.
სუპერლიგა ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის წინსვლის მთავარი საშუალებაა