გამარჯვების შემდეგ

გამარჯვების შემდეგ

პოლონელების ძლევის შემდეგ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რომ ბრუნდებოდნენ, საქართველოს ნაკრების წევრები, ცხადია, კარგ ხასიათზე იყვნენ. ავტობუსში ერთმანეთს თითქმის არავინ ელაპარაკებოდა, ყველა საკუთარ მობილურს იყო მიჯაჭვული და ლაპარაკობდა, ანაც ტექსტს კრეფდა. თემა ყველასთვის ცნობილი იყო – ნაკრების წევრები მილოცვებს იღებდნენ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან.
 
სასტუმროში მისულ კალათბურთელებს კი ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველო–პოლონეთის მატჩის სატელევიზიო ტრანსლაციის კომენტატორი, მანუჩარ მარკოიშვილის ძმა გიორგი მარკოიშვილი დახვდა და კალათბურთელებს გამარჯვება პირადად მიულოცა. ყველა ძალიან გახარებული იყო და ამის საბაბიც ჰქონდათ – მათ ხომ სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატების სტაჟიანი მონაწილე და ჩვენი ჯგუფის ფავორიტი პოლონეთი ბეჭებზე გააკრეს.