სანამ ფედერაციის გამგეობა დადგენილებას გამოიტანდა და საარჩევნო პროცედურებთან ერთად დელეგატთა სიას დაადგენდა, პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა. კალათურთის ეროვნულ ფედერაციაში ოთხივე კანდიდატი მოვიდა. გამგეობის წევრებისა და კანდიდატთა შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც გამგეობის სხდომა გაგრძელდა, შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა კი განცხადებები გააკეთეს:
მიხეილ ახვლედიანი:
“დელეგატთ სიას დაამატეს გამგეობის წევრები, რაც, ჩემი აზრით, არადემოკრატიულია. თუ პროცესები ასე განვითარდა, შესაძლოა, ჩიხში შევიდეთ. არ მომწონს ისიც, რომ დავუშვათ, საქართველოს ყველაზე სახელოვან გუნდ თბილისის “დინამოსა” და მაგალითად, ფოთის სპორტსკოლას ერთნაირი რაოდენობის დელეგატი ეყოლება. გამგეობის წევრების ჩართვას კი, პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტამდე მივყავართ. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ფედერაცია თავის თავზე აიღებს და თუ პროცესი ასე არადემოკრატიულად გაგრძელდა, ცუდ შედეგებს მივიღებთ. თავად კალათბურთელები და მწვრთნელები პროცესის უფრო დემოკრატიულ ხარისხს ითხოვენ. ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კანონმდებლობას და პასუხისმგებლობას სპორტის სამინისტროსაც ვაკისრებ”.
მიხეილ გაბრიჩიძე:
“გარკვეული სახის პრეტენზია მეც გამოვთქვი. მაგალითად, ვეტერანებისთვის ერთი ან ორი ხმის მიცემა არასაკმარისია. ჩემი აზრით, უნდა შედგეს ათკაციანი ჯგუფები, რომელთაც თითო დელეგატი მაინც უნდა აირჩიონ. თუ პრეზიდენტი გავხდი, სწორედ ამ საკითხს გავუწევ ლობირებას. ახვლედიანი კლუბების მეტ წამომადგენლობას ითხოვს, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო ჩაერევა ამ პროცესში. რადგან კლუბების უმრავლესობას სწორედ სახელმწიფო აფინანსებს”.
კახა შენგელია:
“ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ. პირადად მე, ფედერაციისადმი ლოიალობაში დამდეს ბრალი, რასაც კატეგორიულად არ ვიზიარებ. ჯერჯერობით, ახალ ვარიანტზე ვერ შევჯერდით და საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობა მიიღებს. ჩემი აზრითაც, საკალათბურთო სამყარო პროცესებში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ამის საშუალება მიეცეს”.
ვლადიმერ ბოისა:
“მე ვემხრობი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას. რაც უფრო მეტი დელეგატი იქნება, მით უფრო დემოკრატიული და საჯარო იქნება პროცესი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ დელეგატთა შორის გამგეობის წევრებიც იყვნენ. ისინი ხომ საკალათბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვემხრობი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას. მაგალითად, სლოვენიაში დაახლოებით 130 დელეგატი ირჩევს პრეზიდენტს და ჩვენთანაც თუ გაიზრდება რაოდენობა, უკეთესი იქნება”.