გამყრელიძე ბუნდესლიგას 12 ქულით და ხუთეულით იწყებს

გამყრელიძე ბუნდესლიგას 12 ქულით და ხუთეულით იწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელს, ლაშა გამყრელიძეს ჩინებული დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგურ „გიოსენში“. „მიტელდოიჩერიდან“ „გიოსენში“ გადასულმა ქართველმა ლეგიონერმა წუხელ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ახალ გუნდში და თავისიანებს გერმანული კალათბურთის ერთ–ერთი მოწინავე გუნდი „ტელეკომი“ დაამარცხებინა.
 
გამყრელიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 29,22 წუთი გაატარა. იგი ალბათ კიდევ დარჩებოდა თამაშში, მე–5 პერსონალური რომ არ მიეღო. გამყრელიძემ 12 ქულა, 2 ჩაჭრა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გამყრელიძემ პერიმეტრიდან სამივე სამქულიანი ტყორცნა ზუსტად შეასრულა, რასაც თითო ორქულიანი და საჯარიმო დაუმატა.
ფავორიტად მიჩნეულმა სტუმრებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ახალი ჩემპიონატის დაგეგმილი გამარჯვებით გახსნა არ უნდა გასჭირვებოდათ. თუმცა, ყველაფერი მეორე პერიოდიდან შეიცვალა. საწყის ათწუთეულში 11 ქულის სხვაობით (15:26) ჩამორჩენის შემდეგ, მომდევნო მეოთხედი “გიოსენის” კალათბურთელებმა 21:8 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ჰანდიკაპით (36:34) გავიდნენ. დარჩენილ ორ პერიოდში აბსოლუტურად თანაბარი ბრძოლა იყო და მასპინძლებმა საკუთარი მოედნის ფაქტორის ხარჯზე მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს – 75:70.
 
ბუნდესლიგაში მომდევნო მატჩს “გიოსენი” 8 ოქტომბერს სტუმრად “ლუდვიგსბურგთან” გამართავს.