ამ შაბათს კათოლიკეთა შობა დაემთხვა. შესაბამისად, ევროპის უმეტეს ქვეყანაში დასვენება იყო. ითამაშეს მხოლოდ გერმანიაში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე თამაშობს.
გამყრელიძის “გიესენმა” ბუნდესლიგის ბოლო ათ ტურში მე-9 მარცხი განიცადა. მე-15 ტურში გიესენელები “ტრირს” ესტუმრნენ და 67:75 წააგეს. შეხვედრაში გადამწყვეტი უკანასკნელი მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 16:23 დათმეს.
გამყრელიძემ გუნდის სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 19:34 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, რის შემდეგაც 5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ლაშამ თამაშიდან ორივე სროლა (ორქულიანი და სამქულიანი) ააცილა, 4 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა და ბურთი ორჯერ დაკარგა.
“გიესენის” რიგებში საუკეთესო ენტონი სმიტმა 21 ქულა ჩააგდო, ელვირ ოვჩინამ 15 ქულა მიითვალა, ხოლო ზახერი პიკოკმა – 14. გამყრელიძის კლუბმა 5 მოგებითა და 10 მარცხით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს გიოსენელები 29 დეკემბერს ცხრილში მეზობელ “მიტელდოიჩერთან” ჩაატარებენ.