ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია „ატლანტა ჰოუქსისთვის“ პრინციპულ მატჩში – „ორლანდო მეჯიკთან“ თავისიანების შეხვედრას ქართველმა ცენტრმა სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა უყურა. ზაზა გაციებულია და მისი თამაშისგან ატლანტელთა სამწვრთნელო შტაბმა თავი შეიკავა.
„ჰოუქსი“ ნბა–ს სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში მეორე ადგილზეა „ორლანდოს“ შემდეგ და სწორედ ეს გუნდი უსწრებს „ატლანტას“ ერთი საფეხურით სრულიად აღმოსავლეთის ცხრილშიც. ამიტომაც, „მეჯიქთან“ მატჩს ჯორჯიელებისთვის საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და სამწუხაროა, რომ მათ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს, მით უფრო, რომ ისინი შინაურ „ფილიპს არენაზე“ თამაშობდნენ.
ორლანდოელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. ატლანტელებმა ბოლო მეოთხედში გაიბრძოლეს, რომელიც 32:20 მოიგეს, მაგრამ გამარჯვებას ესეც არ ეყო – 102:106 „ორლანდოს“ სასარგებლოდ.