ქუთაისში დღეს დასრულდა დიდი ქართელი კალათბურთელის, გელა დარსაძის ხსოვნის ტურნირი, რომელშიც 2002 წელს დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დღეს გამართულ ფინალურ მატჩს და დაჯილდოვების ცერემონიალს, ადგილობრივი თვითმმართელობისა და საქართველოს კალათვურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ტურნირს ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და მასში 4 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და მესამე ადგილი ერგო ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს, რომელმაც თბილისის „ორბს“ აჯობა.
ფინალურ მატჩში ტურნირის გამარჯვებული „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირებაში გამოვლინდა. ირინა მელქაძის გაწვრთნილმა მასპინძელთა გუნდმა სატიტულო მატჩი რუსთაველებს 84:76 სძლია და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებული გუნდი ქუთაისის მერმა, შოთ მურჟულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, ადგილობრივმა მაჟრიტარმა დეპუტატმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ქუთაისში ტურნირის ფინალის დასასწრებად იმყოფებოდნენ გელა დარსაძის თანაგუნდელები და მეგობრები – გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია, გია სანაძე, პაატა გურასპაული, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეკო პეტრიაშვილი.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს – ქუთაისელ მათე კაპანაძეს, რომელიც საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების წევრია, MVP-ის პრიზი გელა დარსაძის ქვრივმა – ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.
ქუთაისში მალე გაიხსნება გელა დარსაძის ბიუსტი, რომლის მაკეტიც დამზადებულია და რამდენიმე დღეში მოსაპირკეთბელი სამუშაოებიც დასრულდება.