გია კაზანჯიანი: ავსტრიას სწორად შერჩეული ტაქტიკით ვაჯობეთ

გია კაზანჯიანი: ავსტრიას სწორად შერჩეული ტაქტიკით ვაჯობეთ

მას შემდეგ, რაც  ქართველმა 16-წლამდელებმა ავსტრია დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს, სარაევოში შევეხმიანეთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომელმაც წარმატების მიზეზებზე ისაუბრა და განვლილი ეტაპი შეაფასა…

– ავსტრია ჩვენზე გაცილებით ტანმაღალი გუნდია. ეს უპირატესობა თავიდანვე გამოჩნდა და ამიტომაც ჩამოვრჩით. ჩვეულებრივი თამაშით წარმატებას ვერ მივაღწევდით, ავსტრიელებისთვის ბურთის გადმოტანა რომ დაგვენებებინა, მოგების შანსი არ გვქონდა. ჩვენს მოედანზე მეტოქის 2 ტანმაღალი მოთამაშე მუდამ იმყოფებოდა, რომლებიც ბურთს ელოდებოდნენ და თუკი მიიღებდნენ, მერე მათი შეჩერება ძალიან ძნელი იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ მთელს მოედანზე პრესინგი გვეთამაშა და მატჩის ბოლო 30 წუთზე მეტი სწორედ ამ ტაქტიკით ვთამაშობდით.
– გქონდათ პრესინგის თამაშის რესურსი?
– ხშირი როტაცია, ძალების გადანაწილება და ბიჭების მონდომება – ამ კომპონენტების ხარჯზე წარმატებით ვითამაშეთ პრესინგი, რამაც საკმაოდ გაგვიიოლა თამაში. ბევრი ბურთი ჩავჭერით როგორც ჩვენს, ისე მეტოქის მოედანზე და სწრაფი შეტევებით საჭირო ქულებს ვითვლიდით. საბოლოოდ მეტოქეზე 9-ით მეტი – 15 ჩაჭრა მოვაგროვეთ, რაც დიდი უპირატესობაა.
– ვიტალი ცქიფურიშვილმა 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო…
– ვიტალი დღეს იუბილარია, 16 წლის გახდა და როგორც საკუთარ თავს, ისე მთლიანად გუნდს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა. არავის გამორჩევა არ მინდა, ყველამ კარგად ითამაშა. ცქიფურიშვილს კი იმიტომ ჰქონდა ჩაგდებული ბურთების მაღალი პროცენტულობა, რომ როგორც გითხარით, პრესინგის შედეგად ბურთს ხშირად ვჭრიდით, ხოლო ცქიფურიშვილმა თითქმის ყველა ბურთი სწრაფი გარღვევით, ფარქვეშ შეჭრილმა ჩააგდო.
– ტურნირის 2 წაგებით დაწყების შემდეგ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეთ, რაც საკმაოდ იშვიათობაა…
– ტურნირი უიღბლოდ დავიწყეთ. ჩეხეთთან მოსაგები მატჩი წავაგეთ, არადა, ეს გუნდი ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა და დღემდე ვთვლი, რომ ჩეხებთან ჩვენი საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ. არ გაგვიმართლა მომდევნო შეხვედრაში უნგრეთთან, რასაც მსაჯების მიკერძოება თუ შეცდომაც დაემთხვა.
– კონკრეტულად რაზე ამბობთ?
– მატჩის ბოლო 5 წუთში როგორც იცით ქულა ვერ მოვიპოვეთ, არადა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე გიორგი ცირეკიძემ წესების სრული დაცვით ჩააგდო ორქულიანი, თანაც მეტოქე მასზე დაჯარიმდა. ნორვეგიელმა მსაჯმა აშკარა ბურთი არ ჩათვალა. არადა, ცირეკიძეს, როცა ფარქვეშ შესული მეორე ნაბიჯს დგამდა, მეტოქე ეუხეშა. ის ბურთიც უნდა ჩათვლილიყო და საჯარიმოც უნდა ესროლა და ნაცვლად იმისა, რომ ასე მომხდარიყო და დავწინაურებულიყავით, მსაჯმა ბურთი გააუქმა. ამას მოჰყვა ჩვენი დაჯარიმება და ასე მოგვიგეს უნგრელებმა 4 ქულით – 63:59. მატჩის შემდეგ მოედანი არ დამიტოვებია, იმ ეპიზოდს ვაპროტესტებდი. დარბაზში ღამის 12 საათამდე დავრჩით და კომისარ-მსაჯებთან ვამტკიცებდით ჩვენს სიმართლეს. მეორე დღეს კომისარმა აღიარა, რომ იმ ეპიზოდში მსაჯი შეცდა, უნდა ჩაეთვალა ცირეკიძის ბურთი და უნგრელიც უნდა დაეჯარიმებინა, თუმცა ეს მხოლოდ აღიარება იყო და მატჩის შედეგს ვერაფრით ვერ შეცვლიდნენ. ნორვეგიელ არბიტრს საჯარიმო სანქციები არ ასცდება, თუმცა ეს ჩვენთვის რა შვებაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მძიმე და უიღბლო დასაწყისის შემდეგ ბიჭებმა მაინც მოახერხეს ძალების მობილიზება და ჯგუფიდან გასვლა.
– მომდევნო ეტაპზე ბოსნია და დანია გხვდებათ…
– ბოსნია მასპინძელია, რომელმაც ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო და ამით ყველაფერი ნათქვამია. დანიაც ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი იყო, ეს გუნდები არ მოხვედრილიყვნენ ჩვენთან, A და B ჯგუფებში გაცილებით სუსტები იყვნენ, თუმცა უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ახლა უფრო მწარედ მახსენდება ჩეხეთთან 1 ქულით წაგება. ის მატჩი რომ მოგვეგო, 2 ქულა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაგვყვებოდა, მაგრამ რას ვიზავთ…
– რამდენად რეალურია მეორე ჯგუფიდან გასვლა?
– ჩვენი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნახევარფინალში გასვლა უდიდესი წარმატება იქნება, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოგვივა, მალე გამოჩნდება.

მატჩის შემდეგ, ვახშამზე, ვიტალი ცქიფურიშვილს დაბადების დღე მიულოცეს