მსაჯები რომ უმეტეს შემთხვევაში მასპინძლების მხარს იჭერენ, ეს არახალია. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ გამოსცადა მასპინძლებთან მატჩში მსაჯების სიმუხთლე. 16-წლამდელებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლებთან 62:75 წააგეს. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს დავუკავშირდით…
– მესამე მეოთხედის ბოლოს დაწინაურება მოახერხეთ, რის შემდეგაც მეტოქემ 18:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის ბედი გადაწყვიტა…
– არ მინდა, მხოლოდ მსაჯებს დავაბრალო წაგება, ჩვენც ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სამართლიანი მსაჯობა რომ ყოფილიყო, მოგების რეალური შანსი გვექნებოდა. ასეთ შემთხვევაში კი უშანსოდ ვიყავით.
– კონკრეტულად რაში დაეხმარნენ მსაჯები მასპინძლებს?
– ყველაზე აშკარა მიკერძოება მესამე მეოთხედის ბოლოს იყო, როცა დრო დამთავრებულზე ბოსნიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და მსაჯებმა ჩათვალეს. ბურთი სირენის შემდეგ ესროლა ბოსნიელმა, მაგრამ… როცა მსაჯების უსანმართლობაზე რეაქცია გვქონდა, ტექნიკურს გვაძლევდნენ. მთლიანობაში, მეორე ტაიმში 3 ტექნიკური მივიღეთ.
– 1 ტექნიკური ლევან გოგოალაძეს მისცეს…
– გოგალაძემ ბურთი ჩააგდო და სანამ ბურთი კალათიდან იატაკზე დაეცემოდა, ხელით გააჩერა და ამის გამო ტექნიკური მისცეს. ეს მისი მე-4 ჯარიმა იყო. მე-4 პერიოდის დასაწყისში გოგალაძეს მორიგი ჯარიმა მოუგონეს და მოედნიდან გააგდეს. იყო კიდევ არაერთი მომენტი, სადაც მსაჯებმა მასპინძლების მხარე დაიჭირეს. მატჩის შემდეგ ორგანიზატორთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოვიდა და მოგვიბოდიშა მსაჯების საქციელის გამო. ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. შედეგი ძალაში დარჩა
– ხვალ დანიას ხვდებით და თუ გაქვთ გასვის შანსი?
– დანიამ დღეს ჩეხეთი 15 ქულით დაამარცხა, რაც ჩვენ გვაწყობდა. თუკი ხვალ ჩეხეთს ბოსნიაც მოუგებს, ჩვენ დანიას დამარცხებით შეგვიძლია ნახევარფინალში გასვლა. ცუდი ისაა, რომ დანიამ დიდი სხვაობით დაამარცხა ჩეხეთი და ჩვენ დანიის მინიმუმ 9 ქულით მოგება გვჭირდება. არ ვიცი, ვნახოთ, ჩვენ არაფერს დავიშურებთ, რომ სასურველ გამარჯვებას მივაღწიოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 22:30 საათზე საქართველო დანიას ეთამაშება. მანამდე კი, 20:30 საათზე ბოსნია და ჩეხეთი შეერკინებიან.