გია კაზანჯიანი: ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება სექტემბერში დავიწყეთ

გია კაზანჯიანი: ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება სექტემბერში დავიწყეთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მომავალ ივლისში ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. 8-18 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს.  გია კაზანჯიანის გაწვრთნილი საქართველო ჯგუფში ბელარუსთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, ავსტრიასთან და ლუქსემბურგთან მოხვდა.
სხვა ასაკობრივი ნაკრებებისგან განსხვავებით 16-წლამდელთა ნაკრები ის გუნდია, რომელიც მთელი სეზონი შეკრებილია და მუდმივ სათამაშო პრაქტიკას გადის. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისს 16-წლამდელები სეზონის დასაწყისში, სექტემბრის თვეში იწყებენ. კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით კადეტთა ნაკრები საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობს და ასაკით დიდ ოპონენტებთან თამაშით მისი წევრები საჭირო გამოცდილებას იღებენ. გვესაუბრება 16-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი, რომელმაც თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის მეტოქეები შეაფასა.
 
 
– ამ ასაკში რთულია ზუსტად განსაზღვრო ოპონენტების რეალური ძალა. როგორც ჩვენს, ისე სხვა ნაკრებებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. მაგალითად ჩვენს გუნდში შარშანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ 4 კალათბურთელი დარჩა, დანარჩენებმა 18-წლამდელებში აინაცვლეს. დაახლოებით ასეა ჩვენი მეტოქეების შემადგენლობებშიც, თუმცა ზოდაგი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ჩვენს ჯგუფში მოხვდა A დივიზიონიდან გამოვარდნილი ჩეხეთი, რომელიც საკმაოდ ძლიერია. ავსტრია ამოუცნობი გუნდია, მასზე ინფორმაცია არ გვაქვს, ლუქსემბურგი ზოგადად აუტსაიდერად ითვლება, მაგრამ ეს ქვეყანა ყოველწლიურად პროგრესირებს.
 
– თუკი სხვა ნაკრებებს არ იცნობთ, ბელარუსს გასულ დეკემბერში საერთაშორისო ტურნირზე შეხვდით…
 
– ბელარუსმა მინსკში 12 ქულით მოგვიგო, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. საერთოდ, ბელარუსის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ძალიან წაგვადგა. მასპინძლებთან ერთად მინსკში თავი A დივიზიონის ნაკრებებმა – ლიტვამ და უკრაინამ მოიყარეს. მათთან სპარინგით ჩვენი ნაკრების წევრებმა დიდი გამოცდილება მიიღეს.
 

 
– კიდევ ხომ არ გეგმავთ საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებას?
 
– უცხოურ ტურნირებზე ყოველწლიურად ვთამაშობთ და ეხლაც ესე იქნება, მაგრამ ჯერ კონკრეტული მეტოქეების ვინაობა ჯერ არაა გარკვეული. საამისოდ ჯერ ადრეა. მალე დაიწყება აქტივობა და დაიგეგმება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნირები, რომელთაგანაც რომელიმეს შევარჩევთ.
 
– ამჟამად როგორ შეაფასებთ 16-წლამდელთა ნაკრების მომზადების დონეს?
 
– გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დასაწყისიდან შევიკრიბეთ, ნაკრები მომზადების გარკვეულ დონეზე იმყოფება. კვირაში ერთი-ორჯერ ვვარჯიშობთ და 18-წლამდელთა ჩემპიონატში ვთამაშობთ, სადაც საუკეთესო 8 გუნდს შორის მოვხვდით და პლეი ოფში ვიასპარეზებთ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ნაკრებიც მოუმატებს.
 
– როგორი მოთამაშეებით შეივსო 16-წლამდელთა ნაკრები, რამდენად დაბალანსებულია შემადგენლობა?
 
– გასულ წელთან შედარებით უფრო დაბალანდებული გუნდი გვყავს. სელექციის პროცესი მთელი სეზონი მიმდინარეობს, გვყავს დაახლოებით 20 კალათბურთელი, რომლებიც ვარჯიშობენ და მონაცვლეობით ჩემპიონატშიც თამაშობენ. საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი 12-კაციანი შემადგენლობაც აქედან შეირჩევა.  მეფარეები სიმაღლით არ გამოირჩევიან, გვყავს რამდენიმე 2 მეტრი სიმაღლის კალათბურთელი, მაგრამ მთლიანობაში ცუდი თაობა არ გვყავს. სწორი მუშაობითა და კალათბურთელების მონდომების შემთხვევაში გარკვეულ შედეგზე საუბარი შეიძლება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ახალგაზრდების სწორი მიმართულებით აღზრდა, ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მომზადებაა.
 
– რას იტყვით ასაკობრივი ნაკრებებისთვის ცალ-ცალკე მენეჯერების დანიშვნასთან დაკავშირებით?
 
– ამ სეზონიდან ყველა ასაკობრივ ნაკრებს ცალკე მენეჯერი ჰყავს, რაც, ცხადია, წინ გადადგმული ნაბიჯია. მენეჯერი მთავარ მწვრთნელს და მთლიანად გუნდს ძალიან ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით უცხოეთში ყოფნის დროს. მენეჯერზე ბევრი რამეა დამოკიდებული და მისი დახმარება გუნდს დადებითად წაადგება.