17 იანვარს დასრულდა გუნდიდან გუნდში გადასვლის ვადა, თუმცა მიმდინარე სეზონში არალიცენზირებული მოთამაშეების დამატება კიდევ შეუძლიათ კლუბებს და 2 სიახლეც მოხდა: ჯეფრი როჯერსი თსსუ–ში, გიორგი შარაბიძე – “არმიაში”.
ქართული კალათბურთისთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი ჯეფრი როჯერსი
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა შეიმატა. იგი საქართველოში 2000–2002 წლებში
თამაშობდა და ბათუმის „ბასკოს“ შემადგენლობაში ორჯერ ჩემპიონიც გახდა. როჯერსმა
ქართველ გულშემატკივარს ძალიან კარგად დაამახსოვრა თავი, იგი სისწრაფით, უზადო
დრიბლინგით და სიზუსტით გამოირჩეოდა. თუმცა, მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა და
ჯეფსაც ასაკი მოემატა. იგი 1973 წელსაა დაბადებული, თუმცა, როგორც თსსუ–ს გუნდის
წევრები ამბობენ, როჯერსი ძალიან კარგ ფორმაშია და არც სისწრაფე მოკლებია და არც
სამიზნე გამრუდებია. ჯეფ როჯერსი ბოლო წლებში ნორვეგიაში თამაშობდა. მისი ბოლო გუნდი “ჰალმშტად ვიკინგსი” გახლდათ.
გიორგი შარაბიძე
რაც შეეხება გიორგი შარაბიძეს, იგი ესპანურ „ვალენსიაში“ ირიცხებოდა,
თუმცა 2010 წლის ივნისში კონტრაქტი გაუთავდა და მას მერე ისევ ესპანეთში
იმყოფებოდა. იგი საქართველოში ახლა დაბრუნდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდში
ჩაირიცხა. შარაბიძე 20 წლისაა და ახალგაზრდული ნაკრების ასაკი უკვე გაუვიდა. იგი საქართველოს
18 და 20–წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, მისი სიმაღლე 210 სანტიმეტრია
როჯერსიც და შარაბიძეც უკვე თვიანთ ახალ გუნდებში ვარჯიშიშობენ და
საქართველოს თასზეც მიიღებენ მონაწილეობას.
ჯეფრი როჯერსს (მარცხნივ) საქართველოში
არაერთი ტიტული აქვს მოგებული