საქართველსო ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი იტალიურ „კანტუში“ ჩაირიცხა, სადაც 2011-12 წლების სეზონში გამოდიოდა. შერმადინმა სერია „ა“-ს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
შერმადინმა მიმდინარე სეზონის წინ კონტრატქი ესპანური პრიმერადივიზიონის „სარაგოსთან“ გააფორმა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ხელშეკრულება ანულირდა. ქართველი ცენტრის ტრავმირებული მუხლი კიდევ 2-თვიან რეაბილიტაციას საჭიროებდა.
შერმადინმა ფეხი საბოლოოდ მოირჩინა და როცა მწყობრში ჩაგდა, იმ კლუბს დაუბრუნდა, სადაც 2 წლის წინ წარმატებით ასპარეზობდა. იტალიის ჩემპიონატში მისი საშუალო მონაგარი 9.0 ქულა და 5.2 მოხსნა იყო, ევროლიგაში კი 16 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.9 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა. იმ სეზონში “კანტუმ” იტალიის თასის და სუპერთასის ფინალებშიც ითამაშა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კანტუელებს 3 მოგება და 2 მარცხი აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ამას გარდა, იტალიური კლუბი ევროთასზეც ასპარეზობს, სადაც 4-ვე გასული თამაში წაგებული აქვს და B ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა.