გიორგი შერმადინი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „აზდორა მორაბანკის“ ღირსებას იცავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში თავს არ ირცხვენს, 12 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება აქვს და ამ წარმატებაში ლომის წილი შერმადინს მიუძღვის.
უკვე მერამდენედ – შერმადინი „ანდორას“ საუკეთესო მოთამაშე გახდა. ანდორელებმა სტუმრად „ხუვენტუდი“ 90:79 დაამარცხეს, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24:25 წუთში 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 19 ქულას შერმადინმა 9 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა და მარგი ქმედების ყველაზე მაღალი (23) კოეფიციენტით საუკეთესო გახდა.
6 მოგებითა და 6 წაგებით „ანდორა მორაბანკი“ მე-7 ადგილზე აღზევდა. მორიგ ტურში, 27 დეკემბერს, შერმადინის გუნდი „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.