საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელმაც გასულ სეზონში 3 გუნდი გამოიცვალა, ესტონურ „ტარტუ როკს“ უბრუნდება. ცინცაძეს ევროსარბიელზე წარმატებები სწორედ ამ გუნდს უკავშირდება. მან “ტარტუ როკში” გადასვლისთანავე (2006 წელს) მოიპოვა სასტარტო გამთამაშებლის ადგილი და თანდათან გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა. ბალტიის თასსა და ევროჩელენჯზე წარმატებული თამაშის გვირგვინი 2009 წელს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება იყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ცინცაძემ ესტონეთის დატოვება და უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლა, თუმცა მას ობიექტური მიზეზების გამო არ გაუმართლა. ტრავმები და კლუბების ფინანსური პრობლემები – ამ მიზეზების გამო ცინცაძემ გასული სეზონი ფაქტობრივად გააცდინა.
გიორგი ცინცაძე “როკში” თამაშისას
“ვერ ვიტყვი, ბევრი წინადადება მქონდა-მეთქი, მაგრამ იყო რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან “ტარტუ როკი” შევარჩიე. მომავალ სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მელის და ჩემთვის მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. ტარტუში კარგად მიცნობენ, მწვრთნელიც იგივეა, რაც ორი წლის წინათ და გუნდიც სამ ტურნირში ითამაშებს: ესტონეთის პირველობაზე, ბალტიის ლიგასა და ევროჩელენჯზე. ვფიქრობ, “როკში” დაბრუნება სწორი ნაბიჯი იყო”.