საქართველოს ეროვნული ნაკრები ლილს რომ ტოვებდა, სასტუმროს მისაღებში არაერთი აგენტი და კლუბის მენეჯერი ტრიალებდა. ჩვენი ნაკრების ძირითად გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან ფრანგული კლუბ „გრაველინის“ წარმომადგენლები მივიდნენ და პირდაპირ კონტრაქტი შესთავაზეს. ფრანგები ცინცაძეს სთავაზობდნენ, დარჩენილიყო საფრანგეთში, სადაც ის აღნიშნულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა და ვარჯიშს დაიწყებდა.
ცინცაძემ იფიქრა და ფრანგებს თანხმობა მისცა, ოღონდ იმ დღესვე დარჩენაზე უარი თქვა. გიორგი ნაკრებთან ერთად თბილისში დაბრუნდა, თუმცა „გრაველინის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და რამდენიმე დღეში საფრანგეთში დაბრუნდება.ცინცაძის ფრანგულ კლუბში ტრანსფერი უკვე დაადასტურეს eurobasket.com-მა და sportando.com-მა.
გრაველინის” მთავარი მწვრთნელი კრისტიან მონშოა, ყველაზ ცნობილი კალათბურთელი კი – ენდრიუ ალბისი, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა.
გასულ სეზონში “გრაველინმა” 18 მოგებით და 16 მარცხით მე-9 ადგილი დაიკავა და ფრანგული უმაღლესი დივიზიონის (LNB Pro A) პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო ვერ მოახერხა.