გიორგი ცინცაძემ სეზონის პირველი ტიტული – ბალტიის ლიგის თასი მოიგო

გიორგი ცინცაძემ სეზონის პირველი ტიტული – ბალტიის ლიგის თასი მოიგო

გიორგი ცინცაძემ ესტონურ „ტარტუ როკში“ დაბრუნება საკმაოდ სოლიდური ტიტულის მოგებით აღნიშნა. მისმა გუნდმა ბალტიის ლიგის თასის ფინალში ლიტვური გრანდი „ლიეტუვოს რიტასი“ 61:57 დაამარცხა.
 
ბალტიის ლიგის თასის ოთხთა ფინალს ტარტუმ უმასპინძლა. ეს გახლდათ ორდღიანი მინი–ტურნირი, რომელშიც მასპინძელ „როკთან“ ერთად ლიტვური „რიტასი“, ესტონური „კალევ კრამო“ და ლატვიის ჩემპიონი „ვენტსპილსი“ მონაწილეობდნენ.  
 
ნახევარფინალურ მატჩში „როკმა“ თანამემამულე „კალევი“ 73:54 გაანადგურა. ამ მატჩში გიორგი ცინცაძემ ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, თუმცა მთავარი მისი მონაგარი 8 პასი გახლდათ, რითაც ცინცაძე თავისიანებს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.
 
ფინალში „როკერებს“ მეტოქედ „ლიეტუვოს რიტასი“ ერგო, რომელმაც ნახევარფინალში „ვენტსპილსი“ 82:63 გაანადგურა. ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ „როკის“ გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ცინცაძე თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაშიც ქართველმა გამთამაშებელმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფინალურ შეხვედრაში ცინცაძეს პასი არ მიუთვლია.
 
უშუალოდ ბალტიის ლიგა 29 სექტემბერს იწყება, ხოლო ცინცაძის „როკი“ პირველი ტურის მატჩს 30–ში შვედეთში, ნორჩეპინგის “დოლფინსთან“ გამართავს.