გიორგი ცინცაძემ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა „ტარტუ როკის“ შემადგენლობაში. ბალტიის ლიგის მე-2 ტურში მისმა გუნდმა ლატვიურ „ვალმეირას“ უმასპინძლა და მეტოქე 86:66 გაანადგურა.
ბოლო მეოთხედის წინ, “როკი” ლატვიელებს 7 ქულით ამარცხებდა, დასკვნით პერიოდში კი “ვალმიერა” 30:17 გაანადგურა და სხვაობა 20 ქულამდე აიყვანა.
ცინცაძემ ესტონური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 23:08 წუთში არცერთი სროლა არ აუცილებია. გიორგიმ 1 ორქულიანი, 2 სამქულიანი და 6 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა და 14 ქულას 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, 3-ჯერ კი მის წინააღმდეგ იუხეშეს.
ორი ტურის შემდეგ, ტარტუელებმა 3 ქულა მოაგროვეს და ლატვიური “ვეფ”-ისა და ესტონური “კალევ კრამოს” შემდეგ, მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ცინცაძის კლუბი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს ისევ შინ, ლიტვური “ნევეჟისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.