გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ტურნირში, რომელიც სტამბოლში, ევროლიგის ოთხთა ფინალის პარალელურად იმართება, ქართველი ცენტრის სერბულმა გუნდმა შესანიშნავი სტარტი აიღო.
კლასიკური ევროლიგის ოთხთა ფინალისგან განსხვავებით, 18-წaლამდელთა ევროლიგის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდმა მოიყარა თავი: B ჯგუფი: ბელგრადის „მეგა ბიმაქსი“, მადრიდის „რეალი“, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ და კაუნასის „ჟალგირისი“. A ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, „ბარსელონა“ და ფრანგული „პარიზი“.
დიდების ევროლიგის ოთხთა ფინალი, რომელშიც ცსკა „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო „ფენერბაჰჩე“ „რეალს“, სტარტს 19 მაისს აიღებს. 18-წლამდელთა ევროლიგის მონაწილენი კი ჯერ ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, შემდეგ კი ოთხთა ფინალს ითმაშებენ.
პირველ ტურში ბითაძის გუნდმა „რეალი“ იმსხვერპლა – 75:65. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 26:40 წუთი გაატარა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საბოლოოდ ბითაძის ანგარიშზე 7 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. ქართელ ცენტრს პასივში საკმაოდ ბევრი – 6 დაკარგვა ჰქონდა. ბელგრადელებს ნიკოლა მიშკოვიჩმა 20 ქულით, 10 მოხსნით, 5 პასითა და 4 ჩაჭრით ულიდერა. 13 ქულა მიითვალა იგორ დრობნიაკმა.
A ჯგუფის მატჩში ცსკა-მ „ცრვენა ზვეზდას“ 84:80 მოუგო, ხოლო „პარიზმა“ „ბარსელონას“ 85:66 სძლია. „მეგა ბიმაქსის“ ჯგუფის მეორე მატჩი „ფენერბაჰჩესა“ და „ჟალგირისს“ შორის ამ წუთებში მიმდინარეობს და მისი ლაივ-სტატისტიკის ნახვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ:
http://www.adidasngt.com/u18/game-center/games/showgame?gamecode=4&seasoncode=JTF416