გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ფაქტობრივად შეინარჩუნა ადგილი ბალკანურ მულტიეროვნულ ჩემპიონატში. მე-18 ტურის შეხვედრაში ბიმაქსელებმა მაკედონიური “მტზ სკოპიე” 106:77 გაანადგურეს და ამ გუნდის მიმართ სხვაობა 3 ქულამდე გაზარდეს.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. სარგებლიანობის კოეფიციენტის (21) მხრივ, ბითაძე მხოლოდ სლოვენიელ თანაგუნდელ ვლატკო ჩანჩარს ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულას 5 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა.
6 მოგებითა და 12 მარცხით “მეგა ბემაქსმა” სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს, ბელგრადში, “პარტიზანთან” გამართავს.