საქართველოს 16 და 18 წლამდე გოგონათა ნაკრებები მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებენ. 18-წლამდელთა ტურნირს კი სულაც თბილისი უმასპინძლებს. ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ფიბა-ევროპის ღონისძიების მასპინძელი საქართველო იქნება.
ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩები თბილისში 8-13 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობა მიიღებენ:
A ჯგუფი: სომხეთი, ანდორა, უელსი B ჯგუფი: საქართველო, მალტა, გიბრალტარი, კოსოვო
რაც შეეხება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩებს 18-23 ივლისს ანდორის დედაქალაქი უმასპინძლებს. ჯგუფები შემდეგნაირად დაწყვილდა:
A ჯგუფი: უელსი, კოსოვო, მალტა B ჯგუფი: ანდორა, გიბრალტარი, საქართველო
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის განყოფილებამ უკვე დაიწყო ნაკრებებისთვის კანდიდატთა შერჩევა. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებიდან დინამოს საწვრთნელ ბაზაზე კანდიდატთა შერჩევის 2 ეტაპი ჩატარდა. საკალათბურთო კემპს ფედერაციაში ქალთა კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი, ცნობილი ვეტერანი კალათბურთელი მედეა მხეიძე უძღვებოდა. პირველი ეტაპი 15-17 იანვარს ჩატარდა, ხოლო მეორე – 23-24 იანვარს.
საკალათბურთო კემპში მონაწილეობა 120-ამდე გოგონამ მიიღო. მონაწილეები შემდეგი ქალაქებიდან იყვნენ: ახმეტა, თელავი, ხაშური, გორი, რუსთავი და თბილისი. 2 ეტაპის შედეგად 80-ამდე გოგონა შეირჩა, რომლებსაც დასავლეთის წარმომადგენლებიც დაემატებიან და 5-7 თებერვალს გაიმართება კანდიდატთა მესამე შესარჩევი კემპი. ამის შემდეგ თითოეულ ასაკში საბოლოოდ აირჩევა 20-22 კანდიდატი, რომელთაგან დაკომპლექტდება საქართველოს 16 და 18 წლამდელთა ნაკრებები.