“გოლდენ სტეიტის” გამოცხადებული წაგების ქრონიკა

“გოლდენ სტეიტის” გამოცხადებული წაგების ქრონიკა

“გოლდენ სტეიტმა” “იუტა ჯაზს” უმასპინძლა და 91:110 წააგო. რომ მოეგო, გასაკვირი იქნებოდა, რამეთუ მოქმედი ჩემპიონები 4 ოლსტარელი ლიდერის – სტეფ კარის, კევინ დიურანტის, კლეი ტომპსონისა და დრეიმონდ გრინის გარეშე თამაშობდნენ. ოკლენდელთა სასტარტო ხუთული კი ასე გამოიყურებოდა: პატრიკ მაკაუ, ნიკ იანგი, ქუინ კუკი, კევონ ლუნი და ჯავალი მაკგი.

როგორც ხედავთ, სასტარტოში არ იმყოფებოდა არც ზაზა ფაჩულია, რომელმაც ჯამში 11 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოლდენსტეიტელთა ძირითადში მყოფმა ცენტრმა ჯავალი მაკგიმ კი 18 წუთში 8 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 

ტრავმების გამო უდიდესი დანაკლისით მოთამაშე “გოლდენ სტეიტს” მოგების უმცირესი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და სეზონში მე-19 მარცხი იწვნია. როგორც ჩანს, ოკლენდელები რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე ლიდერ “ჰიუსტონს” ვერ დაეწევიან და შესაძლოა, მათ “ტორონტომაც” გადაასწროს, რომელსაც 20 მარცხი აქვს. 

შემდეგ მატჩს “გოლდენ სტეიტი” 28 მარტს “ინდიანასთან” ოკლენდში გამართავს. ამ მატჩში იგეგმება დრეიმონდ გრინისა და კევინ დიურანტის დაბრუნება.