“გოლდენ სტეიტმა” “ლეიკერსი” ლოს ანჯელესშიც დაამარცხა

“გოლდენ სტეიტმა” “ლეიკერსი” ლოს ანჯელესშიც დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მეორედ მოუგო „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“. 2 დღის წინ ოკლენდელებმა შინ 43 ქულის სხვაობით გაანადგურეს თანაშტატელები, დღეს, გამთენიისას კი „უორიორსმა“ ლოს ანჯელესში „ლეიკერსს“ 109:85 სძლია.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც დაცვაში დიდებულად ითამაშა და უკვე მეორედ, ამ სეზონში 3 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 3 დაფარება იყო მთლიანად „ლეიკერსის“ მონაგარი.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გამოჩნდა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩაათვალა და 2 ქულას დასჯერდა, თუმცა როგორც ვთქვით, 3 დაფარება მიითვალა და ამას 6 მოხსნა  და 4 პასი მოაყოლა. გოლდენსტეიტელთა საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა 29 ქულითა და 9 პასით. სტეფ კარის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა.
„გოლდენ სტეიტისთვის“ ეს გახლდათ ზედიზედ მე-10 გამარჯვება. მთლიანობაში კი ოკლენდელებს 2 მარცხის წილ 14 მოგება აქვთ და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 ნოემბერს ოკლენდში, „მინესოტასთან“ ელის.