სამშაბათს გამართულ ევროტურნირების მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო. გიორგი ცინცაძის „როკმა“ ევროჩელენჯზე ბოლო მატჩი ჩაატარა და ტურნირიდან კარი „ბენფიკას“ განადგურებით (80:64) გაიჯახუნა.
მიუხედავად დამარცხებისა, „ბენფიკა“ ჯგუფიდან მაინც გავიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ პორტუგალიელთა კონკურენტი, შვეიცარიული „ლუგნო“ პირველადგილგანაღდებულ „ლუკოილ–აკადემიკთან“ დამარცხდა. შვეიცარიელებს ბულგარეთში რომ მოეგოთ „ლუკოილისთვის“, ჯგუფიდან თავად გავიდოდნენ და არა – „ტარტუ როკთან“ დამარცხებული „ბენფიკა“.
ტართუელთა გამარჯვებაში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული წილი გიორგი ცინცაძემ დაიდო. ქართველი უკანახაზელი ესტონური კლუბის ხუთეულში გამოჩნდა, მოედანზე 27 წუთი დაჰყო და თავი 12 ქულას, 4 მოხსნას, 5 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა. ცინცაძისთვის კარგად იყვნენ ნაცნობნი „ბენფიკას“ მოთამაშეები – ევანსი, ტავარესი, მინავა, ჟორდაო,რომლებთანაც გიორგის გასულ აგვისტოში ეროვნული ნაკრებების დონეზე მოუწია მეტოქეობა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაშინ ოროვე მატჩი მოუგო პორტუგალიელებს.
გიორგი ცინცაძე ჰაშიმუ ევანსს ეღობება
პირინეულმა კლუბმა თავიდან თამამი განაცხადი გააკეთა გამარჯვებაზე. საწყისი ათწუთეული 31:17 მოიგო, თუმცა ტარტუელებმა მათი ამბიციები მალევე დააცხრეს. მეორე მეოთხედი 17:9 მოუგეს, მესამეში კი ლიდერობასაც დაეპატრონნენ და საბოლოოდ „ბენფიკა“ დიდი სხვაობითაც დაამარცხეს. გიორგი ცინცაძე ევროჩელენჯს ემშვიდობება. მისმა გუნდმა ჯგუფში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ევროთასის გათამაშების ჯგუფიდან ვერ გავიდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუც“, რომელმაც ბოლო ტურში ჯგუფის ლიდერი „გალათასარაი“ დაძაბულ ბრძოლაში 75:72 დაამარცხა. კანტუელებს მეორე ჯგუფური ეტაპისკენ გზა ბერძნულმა „პანელინიოსმა“ გადაუღობა, რომელმაც სტუმრად ჰოლანდიური „ფლაიმსი“ დაამარცხა. კანტუელების 6 თამაშიდან მოპოვებული 3 გამარჯვება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მანუჩარ მარკოიშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს და „გალათასარაისთან“ მატჩში არ უთამაშია. რაც შეეხება C ჯგუფიდან უკვე გასულ ტორინ გრინის „გრან კანარიას“, მისი ბოლო ტურის მატჩი გადაიდო. მეტოქე, ჩერნიგორიული „ბუდუჩნოსტი“ თოვლიანობის გამო კანარის კუნძულებზე ვერ ჩაფრინდა. გრინის გუნდს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს და ამ შეხვედრის ჩატარებასაც აუღელვებლად დაელოდება.