გრინი ჯერაც ექიმების პასუხს ელოდება. შეკრებაზე 15 დარჩნენ

გრინი ჯერაც ექიმების პასუხს ელოდება. შეკრებაზე 15 დარჩნენ

ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე 15 კალათბურთელი დარჩა. ესენია: გიორგი ცინცაძე, ლაშა ფარღალავა, ანატოლი ბოისა, ლაშა-გიორგი გამყრელიძე, ლევან ფაცაცია, მარკიზ ჰეინსი, მანუჩარ მარკოიშვილი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი და გიორგი შარაბიძე.
 
სანაკრებო შეკრება დატოვა და უკვე საქართველოშია მიხეილ ბერიშვილი, რომელიც შარშანაც იყო ნაკრებში გამოძახებული და ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. კოტე ტუღუში ნაკრების მენეჯერი გახდა და გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს, ხოლო რაც შეეხება ტორინ გრინს, მას სამიოდ თვის წინ მიღებული მძიმე ტრავმა ჯერაც ვერ მოუშუშებია და ახლაც სარეაბილიტაციო კურსს გადის, თუმც არაა გამორიცხული, ის ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდეს. ამის შესახებ განცხადება ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა გააკეთა:
 
„გრინს გასული სეზონის ბოლოს მოტეხილი ფეხის თითი ჯერაც აწუხებს. მან ვერ შესძლო საქართველოს ნაკრებში ვარჯიში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტრავმა თითქმის მოშუშებულია. გრინი 8 აგვისტოს ჩიკაგოს კლინიკაში გენერალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუკი ექიმები ნებას დართავენ, ის საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება“.
 
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 მოთამაშით გაემგზავრება. ფიბა-ევროპამ გადაწყვეტილება შეცვალა და აქამდე გამოცხადებული 14 მოთამაშე ორით შეკვეცა. „მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპამ ევრობასკეტზე მონაწილე გუნდებს შემადგენლობა 14–ამდე გაუზარდა, ფიბა-მ, ყველა რეგიონალურ საკალათბურთო ორგანიზაციაზე მაღლა მდგომმა ორგანომ განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე და ზოგადად კალათბურთში მიღებულია გუნდში 12 მოთამაშის ყოფნა. იმ გუნდებს, რომლებსაც ოლიმპიადაზე თამაში სურთს, ამ წესს უნდა დაემორჩილონ. ამის შემდეგ ფიბა-ევროპამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და ევრობასკეტზე, ლიტვაში გუნდები 12 მოთამაშით გაემგზავრებიან“ – განაცხადა მერაბ რატიშვილმა.