სამშაბათი ევროპული ტურნირების დღეა. ევროთასსა და ევროჩელენჯზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ითამაშეს. დავიწყოთ იმით, ვინც გაიმარჯვა და ვინც შედარებით კარგად ითამაშა. ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ ლიტვურ შაულიაის უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 92:72 დაამარცხა.
ტორინ გრინი ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 17,25 წუთი გაატარა. ის უხვქულიანობით არა, მაგრამ პასების ჩამორიგებით კი გამოირჩა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა გამთამაშებელმა 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც ევროპული კალათბურთისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გრინმა 3–დან 1 სამქულიანი და 1–დან 1 ორიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 5 ქულა დააგროვა.
კანარიელებს 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ და ისინი ცხრილში მხოლოდ კიევურ „ბუდეველნიკს“ ჩამორჩებიან. მომდევნო ტური 7 დეკემბერს ჩატარდება და გრინის გუნდი ლიტვაში ესტუმრება „შაულიაის“.
ბურთითაა მანუჩარ მარკოიშვილი
E ჯგუფში მორიგი მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“, რომელმაც ჰოლანდიაში „ტერა ფლეიმსთან“ 74:80 წააგო. ქართველმა ლეგიონერმა მხოლოდ 16 წუთს ითამაშა და 8 ქულის, 1 მოხსნისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შესძლო. მანუჩარმა 5–დან 3 ორქულიანი და 4–დან 2 საჯარიმო მიითვალა, 2 სამქულიანი კი გააცუდა.
კანტუელებს 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვთ, თუმცა ნომინალურად, ბურთების შეფარდების გათვალისწინებით, მაინც ჯგუფიდან გამსვლელ მეორე ადგილზე არიან. „გალათასარაის“ 3 მოგება აქვს, დანარჩენ სამ გუნდს კი მხოლოდ – თითო–თითო. მორიგ ტურში „კანტუ“ „ტერა ფლეიმსს“ მასპინძლობს.
დაბოლოს გიორგი ცინცაძის გუნდის მორიგ წარუმატებლობაზე ვთქვათ. „ტარტუ როკი“ ლისაბონში „ბენფიკას“ შეხვდა და თამაშის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე 72:71 უგებდა, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს – 80:74.
მასპინძელთა შემადგენლობაში თამაშობდა პორტუგალიის ნაკრების ლიდერი ჰაშიმუ ევანსი, რომელმაც საქართველოსთან ზაფხულში წაგების გამო გიორგი ცინცაძეს ერთგვარი რევანში აუღო. ევანსი 14 ქულითა და 5 მოხსნით გამოირჩა, ცინცაძემ კი მხოლოდ 14 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა.
ტარტუელებს სამიდან 3 წაგება აქვს და ცხადია, ბოლო ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს „როკერები“ 7 დეკემბერს საკუთარ არენაზე შვეიცარიულ „ლუგანოსთან“ გამართავენ.