გრიფინმა ისევ იმარჯვა და ლიდერ რუსთავს გაუთანაბრდა, რომელსაც შემდეგ ტურში პირველობისთვის შეერკინება

გრიფინმა ისევ იმარჯვა და ლიდერ რუსთავს გაუთანაბრდა, რომელსაც შემდეგ ტურში პირველობისთვის შეერკინება

“ა” ლიგის დებიუტანტმა “გრიფინმა” მე-4 ტურის მატჩიც მოიგო და კიდევ ერთ დებიუტანტ “რუსთავს” ცხრილის სათავეში შეუერთდა. კასპის და რუსთავის გუნდები “ა” ლიგას დაუმარცხებლად ლიდერობენ და ეს ორხელისუფლიანობა 14 თებერვალს დასრულდება. ამ დღეს, პირველი წრის ბოლო, მთლიანობაში კი მე-5 ტურში ეს გუნდები ერთმანეთს კასპში შეხვდებიან და ვინც გაიმარჯვებს, წრეს ერთპიროვნულ ლიდერად დაასრულებს.

როგორც აღვნიშნეთ, ორივე გუნდი “ა” ლიგის დებიუტანტია, თუმცა დიამეტრულად განსხვავებული ტრაექტორიითა და ისტორიით. რუსთაველები “ა” ლიგაში პირველად თამაშობენ მას შემდეგ, რაც სუპერლიგაში 34 წელი გაატარეს. კასპის გრიფინს კი ცალ ხელზე დასათვლელი თვეების ისტორია აქვს და სუპერლიგიდან დაქვეითებული”რუსთავისგან” განსხვავებით , “ა” ლიგაში საკვალიფიკაციოდან აღზევდა. რუსთაველებს იმ ადგილის სასწრაფოდ დაბრუნება სურთ, რომელსაც ზემოხსენებული 34 წლის მანძილზე იკავებდნენ ქართულ კალათბურთში, თუმცა ახალშექმნილი “გრიფინის” სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ და როგორც ჩანს, ამ სეზონში “ა” ლიგა ამ 2 გუნდის ბრძოლის ველი იქნება.

ჯერჯერობით ყველაფერს ასეთი პირი უჩანს. რუსთავიცა და გრიფინიც პლეი ოფისკენ დაუმარცხებლად მიიბრძვის და მათი გზების გადაკვეთის დროც მალე, შემდეგ ტურში მოვა. მე-4 ტურში კი ორივემ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა. რუსთაველებმა გუშინ, ტურის გახსნით მატჩში შინ “ვერა” 90:77 დაამარცხეს, ხოლო დღე თბილისი არენაზე გრიფინმა ერთ-ერთი კონკურენტი “სოხუმი-საქართველო” 14 ქულით – 99:84 (სტატისტიკა) დაამარცხა. სოხუმელებს ის გუნდი ჰყავთ, რომელსაც ზემოხსენებული ლიდერების ბრძოლაში რომ შეუძლია ჩაერიოს. “სოხუმი-საქართველომ” მე-2 ტურში რუსთაველებს დიდი ბრძოლა გაუმართა და ბოლო წუთებზე 100:105 წააგო, თუმცა გრიფინთან დღეს ვერას გახდა.

ვერ ვიტყვით, რომ კასპის გუნდმა იოლად გაიმარჯვა, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო მომენტში გრიფინმა მეტქეს აჯობა. ეს მოხდა ბოლო პერიოდში, რომელიც გრიფინმა 36:21 მოიგო. ანუ ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო და კასპელებმა მეტოქე თავიანთი საამაყო ლეგიონერების ძალისხმევით უშანსოდ დატოვეს. გრიფინის ლეგიონერები მართლაც დიდი თავსატკივარია ნებისმიერი მეტოქესთვის. ამჯერად კასპელთა ამერიკულმა ტრიომ ასეთი შედეგი დადო: მონტეს მატისი 26 ქულა, ზებედი გრეჰემი 23 ქულა, ელაია ბიუქენენი 17 ქულა. მოხსნა-პასი-ჩაჭრები კი ჩაროზად ბლომად ჰქონდათ, რასაც სტატისტიკაში ზუსტად ნახავთ.

ერთი სიტყვით, “ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო მატჩი შემდეგ ტურშია: 14 თებერვალს კასპში დაუმარცხებელი გუნდები: გრიფინი და რუსთავი შეერკინებიან.

მე-4 ტურის კიდევ ერთი მატჩი 36-ქულიანი სხვაობით დასრულდა. თავისუფალი-აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებულმა გუნდმა თელავის “ბურჯი” 107:71 (სტატისტიკა) დაამარცხა და ლიდერების კვალზე მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.