გრიფინმა თავისუფალი უნივერსიტეტი კასპში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

გრიფინმა თავისუფალი უნივერსიტეტი კასპში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

ნახევარფინალური სერია დაიწყო “ა” ლიგის მეორე საპლეიოფო წყვილშიც. დებიუტანტმა გრიფინმა ლიგის კიდევ ერთ ახალბედას, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ცხადია, მოგება ჰქონდა დაგეგმილი თავისუფალ უნივერსიტეტსაც, თუმცა ზოგადი შეფასებით, ფავორიტად მასპინძელი გრიფინი ითვლებოდა, რადგან რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ 1 მატჩი წააგო და უშუალოდ დღევანდელ მეტოქეს ორივეჯერ სძლია.

ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა სტუდენტურმა გუნდმა სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ ჯორდან სმიტის სამქულიანებით წამოიმართა და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც – 25:24. მეორე პერიოდიდან სტუმრებმა კიდევ უფრო მოუმატეს და სნაიპერის ფუნქცია სმიტისგან ბრენდონ ანიუნვუმ გადაიბარა, რომელმაც სამქულიანები დაასეტყვა კასპელებს და თავისუფალს ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევა.

გრიფინის ამერიკული ტრიუმვირატი კი ჩვეულად შედეგიანად თამაშობდა, თუმცა მიღებული სამქულიანები კასპელებს დაწინაურების საშუალება სარ აძლევდა. დიდ შესვენებაზე სტუმრები 6-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ, რის შემდეგაც გრიფინის ჯერი დადგა. დაცვის გამაგრებით კასპელებს შეტევაშიც გზა გაეხსნათ. იმატა თავისუფალი უნივერსიტეტის შეცდომებმაც და მესამე პერიოდის 26:19 მოგებით გრიფინი ბოლო ათწუთეულის წინ ქულით დაწინაურდა.

გადამწყვეტ პერიოდში გრიფინის ლეგიონერებს ხელი აკაკი ლომოურმა და გიორგი რუხაძემაც შეაშველეს და მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. საფინალო სირენამდე ხუთიოდ წუთი რჩებოდა, გრიფინი 10 ქულით რომ გალიდერდა და ამ უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება აღარ გასჭირვებია. კასპელთა ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, მონტეს მატისმა ბოლო 4 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თუმცა მწვრთნელ გიორგ სიმონიშვილს მისი პარკეტზე დაბრუნება აღარ უფიქრია, ისე კარგად თამაშობდნენ თამაშში დარჩენილი 2 ამერიკელი (ელაია ბიუქენენი, ზებ გრეჰემი) და ქართველი ჯეილები – ლუკა მამლიკიძე, აკაკი ლომოური, გიორგი რუხაძე, ვასილ ბერუაშვილი, მერაბ მირზიაშვილი…

საბოლოოდ გრიფინმა 101:91 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა. საპასუხო მატჩი თბილისში 27 მარტს გაიმართება. თუ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გაიმარჯვებს, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა კასპში, 3 აპრილს გაიმართება.