წერილი მეშვიდე – 5 სექტემბერი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს არის ისტორია და რამდენიმე წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რომ ქართველებმა ეს უკრაინის დახმარებით მოახერხეს. ეს ჩვენ ვიყავით ბოლომდე ჩაკირკიტებულები და თითოეულ ბურთს ვითვლიდით, თორემ სხვებისთვის ყველაფერი ჩვეულებრივარ მოხდა: დამთავრდა ბოლო ტური, ჩახედეს ცხრილს და მართალია ბურთების შეფარდების წყალობით, მაგრამ საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. ბევრმა არც კი იცოდა, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი საკუთარ თავზე აღარ იყო დამოკიდებული და ბოლო მატჩის შედეგს ელოდებოდა.
ეს იყო მართლაც საოცარი რა. ბოლო მატჩი იმართება გუნდებს შორის, რომლებსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი არ ჰქონდათ, ხოლო საკუთარი შედეგით სხვის ბედს განსაზღვრავდნენ. „კლაიპედოს არენის“ ერთ ლოჟაში ბულგარეთის ნაკრები იყო თავმოყრილი და ბელგიას ქომაგობდა, ხოლო მეორეში კოკოშკოვის გუნდი შეკრებილიყო და უკრაინელებს ამხნევებდნენ.
საბოლოოდ ყველაფერი ქართველების სასიკეთოდ დასრულდა. უკრაინამ საქართველოს საქმე გააკეთა და ჩვენთვის ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა. მატჩის დაწყებამდე ყველაზე მეტად მანუჩარ მარკოიშვილი აქტიურობდა. ეს გასაგებიცაა – უკრაინის ნაკრების წევრთა უმეტესობა მისი მეგობარია. უკრაინულ კალათბურთში მანუჩრს ყველა იცობს და აკი ამბობდა კიდეც ჩვენი ნაკრების მსროლელი: უკრაინელები რომ ასე ძალიან იყვნენ ჩვენს შედეგზე დამოკიდებულები, თავს მოვიკლავდი და ბოლომდე დავიხარჯებოდი მათთვის სასურველი შედეგის დასაფიქსირებლადო.
უკრაინელებმაც მოინდომეს და არა მხოლოდ საქართველოს გამო. მათი გუნდი საკმაოდ დიდი ამბიციით ჩამოვიდა ლიტვაში და ბელგიასთვის რომ ვერ მოეგო, ერთადერთი მოგებით დასასრულებდა ტურნირს. ერთ–ერთი უკრაინელი ჟურნალისტები მათი ნაკრების წარუმატებლობას ერთი რამის გამო განიცდიდა: ალექსანდრ ვოლკოვმა უდიდესი სამუშაო გასწია, დიდი ფული დახარჯა, ჩამოიყვანა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი და შედეგს მაინც ვერ მიაღწიაო. ვოლკოვი მეცოდება, თირემ უკრაინის ნაკრები რომ დიდი წარმატებების მომპოვებელი არაა, ეს ყველამ კარგად ვიცითო. ერთი სიტყვით, უკრაინელებმა ბელგიელები საკუთარი პრესტიჟის დასაცავადაც დაამარცხეს და ჩემპიონატს მხოლოდ იმიტომ ტოვებენ, რომ საქართველოსთან დიდი სხვაობით (16 ქულით) წააგეს. ის შეხვედრა რომ ქართველების 10 ქულით მოეგოთ, ახლა უკრაინა წავიდოდა ვილნიუსში – ევრობასკეტის მერე ეტაპზე სათამაშოდ.
საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს მიემგზავრება ვილნიუსში და ყველაზე დასანანი ისაა, რომ ზაზა ფაჩულია გუნდს ვეღარ დაეხმარება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კუნთი გაიწყვიტა და მისი მინიმუმ ერთთვიანი უქმობა მოუწევს. არადა, C ჯგუფიდან ისეთი გუნდები გავიდნენ, რომ საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შეეძლო ვილნიუსშიც კი შედეგისთვის ბრძოლა. ჯგუფიდან გაძვრა ფინეთი, რომელმაც ევრობასკეტის საგზური 2 კვირის წინ, ტამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად მოიპოვა პორტუგალიასთან ერთად. მაკედონიასაც არ ჰყავს ისეთი გუნდი, რომელთანაც უშანსოდ იყოს საქართველო და არც საბერძნეთია იმ დონის ბობოლა, როგორებიც მეორე ჯგუფში არიან თავმოყრილნი – ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ლიტვა…
უკრაინა–ბელგიის თამაში აქაური დროით 11 საათზე დასრულდა. ქართველი ქომაგები, რათქმა უნდა, დარბაზში იყვნენ და უკრაინელებს გულშემატკივრობდნენ, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენმა თანამემამულეებმა „კლაიპედოს არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზეიმი მოაწყვეს. ქართველები ისტორიულ წარმატებას აღნიშნავდნენ. მათთან საქართველოს ნაკრების წევრები მივიდნენ და მილოცვა–შეძახილების შემდეგ ერთობლივად შეასრულეს ერთობლივი ჰიმნი.
სასტუმროში დაბრუნებულ ნაკრების წევრებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტარები და ახლობლები დახვდნენ, რომლებმაც კალათბურთელებს ისტორიული წარმატება მიულოცეს. ერთი სიტყვით, გუშინდელი დღე ემოციებით აღსავსე იყო. საქარტველოს ნაკრებმა ბულგარეთთან წაფორხილების გამო კინაღამ დაკარგა მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ქართველებმაც გაიხარეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ვილნიუსში მიემდზავრება, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდები მოიყრიან თავს. ჩევნი ნაკრები ელიტის ჩვეულებრივი, ღირსეული წევრია. ცნობისთვის: 12 საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა ხორვატია, იტალია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩერნოგორია, ბოსნია–ჰერცეგოვინა… ყველა ეს გუნდი დღეს–ხვალ ლიტვას დატოვებს, საქართველო კი ბარგს ვილნიუსში გადასასვლელად ალაგებს.
გზა მშვიდობისა და გამარჯვებისა!
ნაკრების ქომაგები და მოთამაშეები ერთობლივად ჰიმნს ასრულებენ
ქართველ ჟურნალისტებს ჯგუფიდან გასვლა პირველად უკრაინელმა კოლეგებმა მიულოცეს