“ჰიუნდაი” ფინალში შეგორდა

“ჰიუნდაი” ფინალში შეგორდა

დღეს 2 ნახევარფინალური მატჩი გაიმართა და ერთი ფინალისტი გამოვლინდა.
„ჰიუნდაიმ“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „სამედიცინოს“ და სერია 2:0 მოიგო, „ნიკეამ“ კი
„რუსთავს“ სერიაში ანგარიში გაუთანაბრა.

მოქმედმა ჩემპიონმა „ენერჯი–ინვესტმა“ 3 დღის წინ რუსთავში 19 ქულით
დაამარცხა „ნიკეა“ და თბილისში გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გადიოდა, თუმცა გია
ტეტელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსთაველებს 102:97 მოუგო, სერიაში ანგარიში
გაათანაბრა და საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. დებიუტი თანაბარი იყო და პირველი მეოთხედი
ფრედ – 29:29 დასრულდა. აი, მეორეში კი თბილისელებმა იძალეს, მათი გამთამაშებელი
გიორგი ტეტელაშვილი უხვად იხვეჭდა ქულებს, მას ლუკა ჭოხონელიძე და ირაკლი
კუპატაძეც ეხმარებოდნენ და დიდი შესვენებისთვის „ნიკეა“ 55:44 დაწინაურდა.

პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველებმა ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს
ხელი და სანამ ბოლო წუთებმა არ მოატანა, ეს ვერ მოახერხეს. აკაკი დვალიშვილი
რუსთაველებს წინამძღოლობდა. ის ფარქვეშ დომინირებდა და საბოლოოდ 47 ქულას მოუყარა
თავი. მისი და ზურაბ მაჭავარიანის დახმარებით ქვემოქართლელებმა თამაშის
დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 83:83. აქ მაინც არ გატყდა „ნიკეა“,
განსაკუთრებით კი ტეტელაშვილმა იყოჩაღა, რომელმაც ჯარიმის თანხლებით სამქულიანი ჩააგდო,
პლუს საჯარიმოც მიითვალა და თავისიანები 4 ქულით – 87:83 დააწინაურა.

რუსთაველები მაინც არ ნებდებოდნენ, სანამ ირაკლი კუპატაძემ და ლუკა
ჭოხონელიძემ სამქულიანები არ მიითვალეს და „ნიკეა“ საფინალო სირენამდე წუთით ადრე
9 ქულით არ დაწინაურდა.

მესამე, გადამწყვეტი ნახევარფინალის გამართვის თარიღი ხვალ
დადგინდება.

მეორე წყვილში კი ყველაფერი გაირკვა. „ჰიუნდაიმ“ მეორე მატჩიც მოუგო „სამედიცინოს“
და ფინალში გავიდა.

შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი
ჰიუნდაელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი 26–ქულიანი ლიდერობით დამთავრდა,
მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. „ჰიუნდაის“
მოთამაშეებში ვასილ ბერუაშვილი და დუდა სანაძე გამოირჩეოდნენ, რომელთა შეტევაში
ზუსტმა თამაშმა განაპირობა ავტომობილისტთა გუნდის ასეთი უპირატესობა.

მეორე ტაიმიდან მოედანზე ყველაფერი შეიცვალა. „ჰიუნდაის“ წევრებს –
ბერუაშვილს და ზურა მაჩალაძეს 4 პერსონალური დაუგროვდათ და ისინი მწვრთნელმა, ნიკო
ჩერქეზიშვილმა მოედანს გაარიდა. მედიკოსებში კი მერაბ ბოქოლიშვილი აბობოქრდა,
რომელმაც მესამე მეოთხედში 5 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანებს ეს ათწუთეული 21
ქულის სხვაობით – 34:13 მოაგებიდა.

შესაბამისად, ბოლო მეოთხედის წინ „ჰიუნდაის“ მხოლოდ 5–ქულიანი
ლიდერობა შერჩა და ბოლო წუთებზე სხვაობა სულაც 1 ქულამდე შემცირდა. მერაბ
ბოქოლიშვილის მორიგი სამიანის შემდეგ ანგარიში 77:76 გახდა, თუმცა დაგამწყვეტ
წუთებში ჰიუნდაელთა ლიდერებმა მაინც თქვეს თავისი სიტყვა. დუდა სანაძემ და ვასილ
ბერუაშვილმა საჭირო ქულები მოიპოვეს და მედიკოსები წაგების წინაშე აღმოჩდნენ.
თუმცა ბოქოლიშვილმა საოცარი სამქულიანი ჩააგდო სირენამდე 10 წამით ადრე და თავისი
გუნდის ჩამორჩენა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა.

მედიკოსებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, თუმცა დუდა სანაძემ ორივე
საჯარიმო ჩააგდო და „სამედიცინოს“ 4 წამი დარჩა თამაშის გადასარჩენად. „ჰიუნდაის“
მოთამაშეებმა მედიკოსთა ლიდერ ბოქოლიშვილს საგანდეგო მეურვეობა დაუწესეს, მაგრამ
გამთანაბრებელი სამქულიანის სროლა სხვამ, იოსებ ლეჟავამ იკისრა, თუმცა ააცილა და
დროც ამოიწურა.

„ჰიუნდაი“ ფინალშია და ელოდება „ნიკეა“–„რუსთავს“ შორის გამარჯვებულს,
ჩემპიონობისთვის რომ შეერკინოს.

სტატისტიკა: “ნიკეა” – “რუსთავი” “ჰიუნდაი” – “სამედიცინო”
ფოტოგალერეა: “ნიკეა” – “რუსთავი” “ჰიუნდაი” – “სამედიცინო”