დღეს აგრარულ უნივერსიტეტში გამართული ტური დაძაბული გამოდგა.
განსაკუთრებით კი „ჰიუნდაისა“ და“დინამოს“ ჯახი იყო საინტერესო, რომელიც დამატებით
დროში გადაიზარდა და ჰიუნდაელთა ერთქულიანი გამარჯვებით, 86:85 დასრულდა.
შეხვედრას თავიდანვე ეტყობოდა, რომ საინტერესო იქნებოდა. ორივე გუნდი
მოსაგებად იყო შემართული და სანამ მეორე ტაიმი არ დაიწყო, ხელჩასაჭიდი უპირატესობა
ვერც ერთმა ვერ მოიპოვა. პირველი ნახევარი ჰიუნდაელთა მცირე უპირატესობით, 39:35
დასრულდა, აი, დიდი შესვენების შემდეგ კი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა
დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა. ანგარიში 43:40 იყო, როცა „ჰიუნდაიმ“ 13:0 გაქცევა
მოაწყო და ამ ეპიზოდის გმირები გიორგი ფერიაშვილი და დუდა სანაძე გახლდნენ. 8 ქულა
ტანმაღალმა ფერიაშვილმა მოიპოვა, 5 კი სანაძემ და „ჰიუნდაი“ მესამე მეოთხედის
დასრულებამდე 5 წუთით ადრე 56:40 დაწინაურდა.
„დინამო“ რის „დინამო“ იქნებოდა, ჩამორჩენას რომ შეეშინებინა და დავით
თორთლაძის გუნდმაც ათწუთეულის ბოლომდე სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ეს კირილე
თვაურის, გიორგი გლოველისა და დავით დეკანოიძის ჩინებულ გარჯას მოჰყვა.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ჰიუნდაი“ მხოლოდ 64:59 იგებდა.
„დინამომ“ ტემპი არ დააგდო და მონდოომება მალევე დაუფასდა. ნიკა
გულდედავას ზუსტი სროლის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა 66:66. ეს მოხდა თამაშის
დასრულებამდე ექვსიოდ წუთით ადრე და სულ მალე ირაკლი ალხანაიძის ფარქვეშა აქტიურობით
დინამოელებმა ლიდერობაც კი მოიპოვეს – 74:68.
ალხანაიძეს კარგი შანსი ჰქონდა, დასრულებამდე 2 წუთით ადრე
თავისიანები 6 ქულით დაეწინაურებინა, მაგრამ ორივე საჯარიმო ააცილა და დუდა
სანაძემ „ჰიუნდაის“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა –72:74. დუდამ ეს შედეგიანი
გარღვევა ჯარიმის თანხლებით შეასრულა, მაგრამ 1 ბონუს–სროლა ვერ გამოიყენა, თუმცა
დინამოელებმაც ვერ იმარჯვეს – გიორგი ნანიტაშვილმა სამიანი ააცილა და ვასილ
ბერუაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე
გაათანაბრა.
თუმცა ამით არ დამთავრებულა მეოთხე პერიოდი. ბერუაშვილმა გიორგი
გლოველს ჩაუჭრა და სირენამდე 11 წამით ადრე „ჰიუნდაი“ 76:74 დააწინაურა. „დინამომ“
წუთშესვენება აიღო, ბოლო შეტევა დაგეგმა და დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება
მოახერხა – ეს დავით დეკანოიძემ დამთავრებამდე 2 წამით ადრე შეძლო.
თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა და მისი ბოლო წუთიც დრამატული გამოდგა. აქ
უკვე სანაძემ საკუთარ თავზე აიღო ჰიუნდაელთა მესაჭეობა და ოვერტაიმის მიწურულს მიჯრით
5 ქულა მიითვალა. ჩერქეზიშვილის გუნდი 84:83 დაწინაურდა, დროის ამოწურვამდე კი 20
წამი რჩებოდა. დინამოელებმა აქაც სცადეს თავისი – ნანიტაშვილმა სამქულიანით
სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და შემდეგ დინამოელებმა ბერუაშვილზე ტაქტიკური
ჯარიმა აიღეს, რომელმაც ორივე სროლა ზუსტად შეასრულა – 86:83. დასრულებამდე 3 წამით ადრე გულდედავა გამთანაბრებელ
სამქულიანს ისვრის, მაგრამ აცილებს. ბურთს მისი თანაგუნდელი თვაური ხსნის და დრო
მხოლოდ იმისთვის რჩება, რომ დაამატოს და ორიანით სხვაობა მინიმუმამდე შეამციროს – 86:85
„ჰიუნდაის“ სასარგებლოდ.
ამის შემდეგ „მაკაბიმ“ და „სოხუმმა“ გაუმართეს ერთმანეთს ომი. შეხედრა
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ მაკაბელები იგებდნენ, შემდეგ
სოხუმელები გაიჭრნენ წინ, თუმცა ბოლო მეოთხედში ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა მაინც
მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ეს უპირველესად გიორგი რევაზაშვილის
დამსახურებაა. „მაკაბის“ ცენტრმა 51 ქულა მოაგროვა და 1 ქულით მიუახოვდა რუსთაველი
რევაზ ჩაჩანიძის საამსეზონო რეკორდს. რევაზაშვილმა 26–დან 15 ორქულიანი და 18–დან
15 საჯარიმო ჩააგდო. მისმა შედეგიანობამ „მაკაბის“ მეორე საამსეზონო გამარჯვება
მოუტანა.
რაც შეეხება დღის მესამე მატჩს, „სამედიცინომ“ ზედმეტი გართულებების
გარეშე დაამარცხა აუტსაიდერი სტუ.