ჰოლანდიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში მასპინძელი თანატოლების განადგურების შემდეგ დავით უსტიაშვილის გუნდი A დივიზიონის ბინადარ ავსტრიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 82:89 წააგო. მოთამაშეთა პირადი სტატისტიკა ორგანიზატორებს არ დაუთვლიათ, თუმც მთავარმა მწვრთნელმა ჰოლანდიიდან სატელეფონო საუბარში დეტალურად ისაუბრა მატჩის მსვლელობაზე.
– ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოვიდა. თავდაპირველად ვიტყვი, რომ ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. ავსტრიამ გასულ წელს B დივიზიონი მოიგო და ელიტაში აღზევდა. ეს გუნდი გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიაში და ჩვენ მათთვის პირველი მეტოქეები ვიყავით. შესაბამისად, მეტოქე შედარებით დასვენებული იყო. ავსტრიელებმა ახლახან ამხანაგურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლეს და გერმანელს, სლოვენიელ და პოლონელ თანატოლებთან მატჩებში სოლიდური გამოცდილება მიიღეს.
– შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად 7–8 ქულით ვაგებდით, თუმცა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შევამცირეთ – 38:40. მესამე მეოთხედში საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ და ხელჩასაჭიდ უპირატესობასაც დავეუფლეთ. 7 ქულით დავწინაურდით და ბოლო მეოთხედის წინ მცირედით ვლიდერობდით. ბოლოს თამაში გათანაბრდა. ბოლოსწინა წუთზე ფრე იყო და ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა დასანანად დავკარგეთ და იძულებულები ვიყავით, ტაქტიკურ ჯარიმებზე გადავსულიყავით. სამწუხაროდ, ავსტრიელებმა ყველა სროლა ჩააგდეს და საბოლოოდ მათი უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა.
– მიუხედავად დამარცხებისა, ჩვენების თამაშით კმაყოფილი ვარ. ასეთ ძლიერ მეტოქესთან თანასწორი თამაში და ბოლო წუთებზე წაგება ნამდვილად არაა დამაფიქრებელი. ბიჭებმა იბრძოლეს და ცოტაც რომ გაეჭირვათ, მოიგებდნენ კიდეც. დავინახე რამდენიმე ისეთი რამ, რის გამოსწორებაზე მუშაობაც გვმართებს. უნდა შევამციროთ შეცდომები და უფრო მეტი აგრესიულობა გამოვიჩინოთ შეტევაში.
– მოთამაშეების სტატისტიკა არ დაუთვლიათ, თუმცა ყველაზე მეტი კვლავ თორნიკე შენგელიამ ჩააგდო. მართალია, ის წინა მატჩივით შედეგიანი არ იყო, მაგრამ ჩვენიანთაგან ყველაზე დამაჯერებლად ირჯებოდა. სხვებმაც ღირსეულად ითამაშეს და ძლიერ მეტოქესთან გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ.
– მომდევნო მატჩი ხვალ, შუადღეს, ჰოლანდიის 23–წლამდელთა ნაკრებთან გვაქვს. ჰოლანდიელებს ამ ტურნირის ფარგლებში ჯერ თამაში არ გაუმართავთ და ჩვენ პირველად გვხვდებიან. ისინი დასვენებულები, თანაც 3 წლით უფროსები არიან. ამ თამაშის შედეგს პრინციპულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მინდა, ყველა მოთამაშე გამოვცადო, რათა ვიცოდე, თუკი დამჭირდება, ვისი და რისი იმედი უნდა მქონდეს ევროპის ჩემპიონატზე.
ქართველებისთვის ხვალინდელი მატჩი ჰოლანდიაში ბოლო იქნება და ისინი მეორე დღეს სამშობლოში გამობრუნდებიან.