სლოვენიური შეკრების პირველი ეტაპი დასრულებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიისკენ აიღებს გეზს, სადაც 7-9 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და 3 საკონტროლო მატჩს გამართავს პოლონეთთან, ისრაელთან და მასპინძელ იტალიასთან. ტურნირის დასრულების შემდეგ ქართველები სლოვენიაში დაბრუნდებიან და შეკრებას პოდჩეტრტეკის სპორტკომპლექს „ტერმე ოლიმიაში“ 13 აგვისტომდე გააგრელებენ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა დღეს დღეს ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც იტალიაში საქართველოს ღირსება უნდა დაიცვას. 19-კაციან შემადგენლობას 4 კალათბურთელი გამოაკლდა – ბექა ჩიკვილაძე, რევაზ როგავა, რიჩარდ მათიაშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი, რომლებიც თბილისში დაბრუნდებიან.
იტალიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა:
– შეკრების მეორე ეტაპი, რომელიც თბილისური ფიზმომზადების შემდეგ ნაკრებმა სლოვენიაში გამართა, ძალიან სასარგებლო იყო. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია იმ პირობების შესაქმნელად, რომელშიც ახლა ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. კმაყოფილი ვარ ყველა იმ მოთამაშით, რომელიც შეკრებაზეა. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ვწუხვარ, რომ 4 მათგანთან დამშვიდობება მოგვიწია, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის.
– ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას დარი მოთამაშეების არყოფნა ევროპის ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. საქართველოსთვის კი ნბა-ს 2 მოთამაშის გამოკლება განსაკუთრებით მძიმეა. თუმცა სხვა გზა არ გვაქვთ. მე მჯერა, რომ ნაკრებში დარჩენილი მოთამაშეები თავიანთ მაქსიმუმს გაიღებენ და ეცდებიან, ეს დიდი დანაკლისი შეავსონ.
– ქართველები ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან და არც ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი იქნება გამონაკლისი. წინ 1 თვე გვაქვს და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა დავხვეწოთ ჩვენი თამაში. ევრობასკეტს ფორმის პიკში უნდა შევხვდეთ.