ევროპის ჩემპიონატზე ყოველი მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია იმართება, სადაც თავდაპირველად წაგებული გუნდი უნდა გამოცხადდეს, რის შემდეგაც საპრესკონფერენციო ოთახი მოგებულ გუნდს ეთმობა. მიმდინარე ევროპირველობაზე პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ღონისძიებაზე მეორე მივიდა. ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ მთავარი მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი და ფორვარდი თორნიკე შენგელია.
თორნიკე შენგელია:
– პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაკედონიის ნაკრებს, რომელმაც მიუხედავად დამარცხებისა, ღირსეულად გვეთამაშა. დღეს ჩვენი დღე იყო, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ყოფნა-არ ყოფნის მატჩი მოვიგეთ. წავაგებდით, ბარგი უნდა ჩაგველაგებინა, მაგრამ ჩვენი გუნდი ასე იოლად ჩამოწერას არ იმსახურებდა. კარგი დაცვის, ერთიანი, გუნდური თამაშით მოვახერხეთ ჩვენი ძალის დემონსტრირება და სასურველ გამარჯვებას მივაღწიეთ. წინ მორიგი მატჩია და ჩვენ უკვე ხორვატიასთან თამაშისთვის მატჩისთვის ვემზადებით…
შენგელიას ევროპელი ჟურნალისტი სწორედ ხორვატიასთან მატჩზე დაეკითხა. ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ველიმირ პერასოვიჩი გასული სეზონის დასრულების შემდეგ შენგელიას კლუბ „ლაბორალ კუჩას“ თავკაცად დაინიშნა…
– ეს იქნება უბრალოდ მორიგი მატჩი ჩემი გუნდისთვის, ჩემი ქვეყნისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად. ასეთ დროს რაიმე სხვა ფაქტორებზე ფიქრი არ მჩვევია – აღნიშნა თორნიკე შენგელიამ.
იგორ კოკოშკოვი:
– ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. რომ წაგვეგო, სახლში მივდიოდით, მაგრამ გუნდმა თავგანწირვით ითამაშა. ჩვენი ბიჭები ერთ მუშტად შეიკრნენ, თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. მაკედონია არაა სუსტი გუნდი, პირიქით, ბურთს კარგად ათამაშებს და თამაში ისე მიჰყავს, თუ ოდნავ მოდუნებული შეხვდი, მოგებაზე ფიქრი რთულია. დაცვა იყო ის, რამაც დღეს თამაში მოგვაგებინა.
კითხვა დაუსვეს კოკოშკოვსაც, თუ რატომ ვერ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა მანამდელ მატჩებში ასე კარგად თამაში, რაზეც სერბმა სპეციალისტმა უპასუხა:
– სიმართლე გითხრათ, ევროპის ჩემპიონატს ვერ შევხვდით სათანადოდ მომზადებულები. რამდენიმე მოთამაშე შედარებით გვიან შემოგვიერთდა, იყო ტრავმები, რის გამოც თორნიკე შენგელიას დიდი დრო გაუცდა. ის მწყობრში ევრობასკეტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩადგა და შესაბამისად, რიგ საკონტროლო მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო. შენგელიამ იტალიაში გამართა 3 ამხანაგური მატჩი, რაც გუნდთან შესათამაშებლად საკმარისი არ იყო. არადა, თოკო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისი შედეგიანობა ჩვენს გუნდს ძალიან აკლდა. საქართევლოს ნაკრები გზადაგზა კრეფს გამოცდილებას და ვალაგებთ დაცვით თამაშს. დღევანდელი გამარჯვება კარგის ნიშანია. ხვალ ხორვატიასთან მატჩი გველის, რომელიც მასპინძელი და ფავორიტია, თუმცა ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.