იგორ კოკოშკოვი სლოვენიელებს ევროპის ჩემპიონობისკენ გაუძღვა

იგორ კოკოშკოვი სლოვენიელებს ევროპის ჩემპიონობისკენ გაუძღვა

იგორ კოკოშკოვი, რომელიც 2008-2015 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, სლოვენიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ევრობასკეტ 2017-ის ფინალში სლოვენიამ სერბეთს 93:85 სძლია და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. აქამდე სლოვენიელებს ევროპის არც ერთი სინჯის მედალი არ ჰქონდათ მოგებული და კოკოშკოვმა მათ პირდაპირ ოქრო მოაგებინა, თანაც ფინალურ მატჩში საკუთარი სამშობლოს – სერბეთის ნაკრებს აჯობა.

ფინალური მატჩის მიწურულს კოკოშკოვმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ევრობასკეტის მომვალი MVP,  რომელსაც გადამწყვეტ მომენტში თამაში არ წაუვიდა, მოედნიდან გაიყვანა. ამით მან უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო და გაამართლა კიდეც. კლემენ პრეპელიჩმა გუნდის გამთამაშებლობა ბრწყინვალედ ითავა და გადამწყვეტი ბურთებიც ჩააგდო, რითაც სლოვენიელებს ჩემპიონობა მოუტანა.
ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ კოკოშკოვი ჟურნალისტების წინაშე სველი მაისურით წარსდგა. გასახდელში სლოვენიელებმა ჩემპიონობა შამპანურით აღნიშნეს. სერბმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„სლოვენიური კალათბურთისთვის დაუჯერებელი დღეა. ძალიან ამაყი ვარ იმ შრომით, რომელიც ბიჭებმა გასწიეს. ამით უამრავი ადამიანი გავახარეთ. არ გავაწბილეთ ის ქომაგები, რომლებიც ბოლო დღეებში სტამბულში ათასობით ჩამოვიდნენ.
  ჩემპიონატის წინ არცერთხელ მითქვამს, რომ ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებდით. უბრალოდ, ვიცოდი, რომ შანსი გვექნებოდა და მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. ახლა, მთელი დიდება ბიჭებს ეკუთვნით. ეს მათი გუნდია, მე კი, უბრალოდ, მათ ნაცვლად რაღაც გადაწყვეტილებებს ვიღებდი. სლოვენიის კალათბურთის ფედერაციისგან და კონკრეტულად პრეზიდენტ რაშო ნესტეროვიჩისგან ყოველმხრივ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ვიცი, რომ ფინალს ქუინ სნაიდერიც უყურებდა. მოგეხსენებათ, ის “იუტა ჯაზის” მთავარი მწვრთნელი (კოკოშკოვი “იუტაში” ასისტენტად მუშაობს – რედ.) და ამავდროულად, ჩემი მეგობარია. მან მითხრა, რომ ფინალის შემდგომი პრესკონფერენციისთვის კარგად მოვმზადებულიყავი და რაიმე ჭკვიანური მეთქვა, თუმცა, ამგვარს არაფერს ვაპირებ…
ახლა, ზეიმის დროა და ღამე სწორედ ამას ვგეგმავთ. ამ ბიჭებმა სლოვენიელ ხალხს დღესასწაული აჩუქეს და მეც სიამაყის საბაბი მომცეს. დიახ, ამაყი და ამავდროულად, უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე – აქამდე. არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს. ხშირად ჩვენი აზრები განსხვავდებოდა, თუმცა, საერთო მიზნამდე ერთად მივედით”.