საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ხორვატიაში ყოფნის მეორე დღეს პირველად ესტუმრა დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის ზაგრების „ციბონას“ დარბაზს.
ეს იყო ბოლო ვარჯიში ჰოლანდიასთან მატჩამდე, რადგან ხვალ, დილას საქართველოს ნაკრები, ცხადია, არ ივარჯიშებს, რადგან 15:00 საათზე (17:00-ზე თბილისის დროით) ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ჰოლანდიას ვხვდებით.
ნაკრებმა დილის 9:30 საათზე ევრობასკეტის მასპინძელ „ზაგრებ არენაზე“ სტანდარტულად ივარჯიშა, ხოლო 17:00 საათზე დრაჟენ პეტროვიჩის დარბაზში ქართველების ვარჯიშს უფრო ლექცია ეთქმოდა. იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელებს დეტაურად აუხსნა გარკვეული კომბინაციები. მწვრთნელი მოთამაშეებს ჯერ უხსნიდა, შემდეგ კი თავად ანახებდა, რა როგორ გაეკეთებინათ.
ეს იყო გენერალური რეპეტიცია მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩის წინ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, 15-ათასიან დარბაზში გაიმართება და რომელშიც ქართველების მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული გუნდი იქნება.
საქართველოს ნაკრები მატჩამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, მაგრამ არა საკალათბურთო, არამედ სასტუმროს დარბაზში და ხვალინდელი მეტოქის თამაშის ვიდეო-განხილვას მოაწყობს.
შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.