22 აპრილს ხარაგაულში სტარტი აიღო იმერეთის ჩემპიონატმა 16-წლამდე გოგონათა შორის. ტურნირის ორგანიზატორი იმერეთის კალათბურთის ფედერაციაა, რომელსაც მხარდაჭერას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უწევს.
ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობს და გათამაშების ფორმატის თანახმად, ერთ წრედ ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ ქუთაისის, ზესტაფონის, ტყიბულის და ხარაგაულის გუნდები. ხარაგაულის სპორტის სასახლეში 22 აპრილს პირველი ტურის მატჩები გაიმართა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კახა შენგელია დაესწრო.
შენგელია დაესწრო გახსნის ცერემონიალს და ტურნირის მონაწილე გუნდებს ფედერაციის სახელით „სპალდინგის“ ფირმის ბურთები გადასცა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მოთამაშეებს „წლის წიგნი 2015-2016“ გადასცა, სადაც ყველა იმ ღონისძიების შესახებაა ინფორმაცია თავმოყრილი, რომელსაც ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გასულ წელს გაუკეთა.
კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ რეგიონებში გოგონათა კალათბურთის აქტივობა წინსვლის საწინდარია და ფედერაცია შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს. გახსნას დაესწრნენ იმერეთის კალათურთის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ჩიხლაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტული სამსახურის ხელმძღვანელები.
პირველი ტურის მატჩებში „ქუთაისმა“ „ტყიბულს“ მოუგო, ხოლო „ხარაგაულმა“ „ზესტაფონს“ სძლია. იმერეთის 16-წლამდე გოგონათა ჩემპიონატი 24 აპრილს დასრულდება.