ინტერვიუ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი 3 ქულით წააგო პორტუგალიასთან. დავით უსტიაშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემგედ 33:55 აგებდა და დარჩენილ დროში იმდენი მოახერხა, რომ მეტოქეს წამოეწია და დრო რომ ჰყოფნოდა, სავარაუდოდ იმარჯვებდა კიდეც. ჩვენიანთა მიერ პორტუგალიელებთან ჩატარებული მძლავრი მეორე ტაიმი იმის იმედს იძლევა, რომ დარჩენილ მატჩებში ჩვენები წარმატებას მიაღწევენ და ჯგუფიდან გასვლას მოახერხებენ. ყოველ შემთხვევაში, ოპტიმისტურადაა განწყობილი ჩვენიანთა დამრიგებელი დავით უსტიაშვილი, რომელსაც დღეს მაკედონიაში ტელეფონით გავესაუბრეთ…
 

 
– რას იტყვით პორტუგალიასთან მატჩზე?
– მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას დიდი სხვაობით ვაგებდით, გამარჯვება შეგვეძლო, უბრალოდ, დრო აღარ გვეყო. მეორე ტაიმში მეტოქე დავჯაბნეთ და ალბათ მოვიგებდით კიდეც, საფინალო სირენას რომ არ მოესწრო.
– თუკი მეორე ტაიმში ასე კარგად ააწყვეთ თამაში, დასაწყისში რა დაგემართათ?
– პირველი მატჩი იყო, ბიჭები ნერვიულობდნენ და ბევრ შეცდომას უშვებდნენ. არაერთი დასანანი ბურთი ავაცილეთ ხელსაყრელი პოზიციიდან, რამდენჯერმე უაზროდ დავკარგეთ ბურთი და ავიჭერით. ამით მეტოქემ ისარგებლა და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეუფლა.
– პირველი თამაში იყო პორტუგალიისთვისაც…
– ასე იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ტრავმების გამოც არახელსაყრელ სიტუაციაში ვიყავით. თბილისშიც ვთქვი, რომ გამუდმებით ვიღაცა გვყავდა დაშავებული და უმეტეს შემთხვევაში იმასაც ვერ ვახერხებდით, რომ ხუთი ხუთზე მეთამაშებინა ბიჭები. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ალბათ ეს იყო მიზეზი პორტუგალიასთან პირველი ტაიმის ჩაგდებისა.
– რა დონის გუნდია პორტუგალია?
– საკმაოდ ნორმალური გუნდია. დღეს დავესწარი სლოვაკეთისა და შვედეთის მატჩს. თანაბარი ბრძოლა იყო და ბოლოს შვედეთმა მოიგო მცირე 6 ქულით. ხვალ სლოვაკეთი და პორტუგალია თამაშობენ და უკეთესად განვსაზღვრავთ  ჩვენი მომავალი მეტიქეების დონეს.
– პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ რას იტყვით, რისი გამოსწორება მართებს ჩვენს გუნდს?
– პირველ რიგში საჯარიმო სროლების. 29–დან 12 ჩავაგდეთ მხოლოდ, რაც ძალიან ცუდი შედეგია. რაც შეეხება დაცვას, პირველ შეტევას და კომბინაციებს, პორტუგალიასთან მატჩის მეორე ტაიმში კარგად გამოგვდიოდა და ამიტომაც მოვახერხეთ დიდი დეფიციტის აღმოფხვრა. ბიჭებმა იგრძვნეს საკუთარი ძალა, მოეხსნათ დაძაბულობა და იმედი მაქვს, მომავალ მატჩებში უკეთ ითამაშებენ. ხვალ ლუქსემბურგს ვხვდებით, რომელიც ძალიან მებრძოლი გუნდია და თუ მთელი მობილიზებით არ ვითამაშებთ, მოგება გაგვიძნელდება.
– ტრავმები ხომ არ გაწუხებთ?
– კოკა ტომარაძეს სტკიოდა მაჯა და დღეს ვერ ივარჯიშა. არ ვიცი, ხვალ როგორ იქნება და დაგვეხმარება თუ არა ლუგსემბურგელებთან მატჩში.
 
P.S. რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა შეხვედრა, რომელშიც ლუქსემბურგმა 19 ქულით დაამარცხა პორტუგალია