ინტერვიუ ანტონ კაზანჯიანთან
გურამ მინაშვილის თამაში ზღაპარი იყო
ბევრი არაა ქართულ კალათბურთში მოთამაშე, რომელსაც დიდი,, ბუმბერაზი ასპარეზი თავისი ჭეშმარიტი ბრწყინვალებით გაუნათებია და სამუდამოდ დაუტოვებია კვალი სპორტის ამ ულამაზეს სახეობაში. არიან ისეთებიც, ვისაც მხოლოდ და მხოლოდ მოვლენათა არასასურველმა განვითარებამ არ მისცა პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის საშუალება, ან კიდევ, სხვასხვა გარემოების გამო, ამ მოთაშემ რომელიმე კონკრეტულ დიდ, დასამახსოვრებელ ჯახში ვერ მიიღო მონაწილეობა.
ანტონ კაზანჯიანი ორივე კოჰორტაში შედის – არაჩვეულებრივი მოთამაშე, რომელმაც მიაღწია ბევრს, მაგრამ მეტისთვის უნდა მიეღწია. ინტერვიუში ბატონი ანტონი დიდ კალათბურთში თავის პირველ ნაბიჯებს, ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩებსა და ბევრ სხვა ნიუანსს იხსენებს.
– ბატონო ანტონ, ვისთან დაიწყეთ ვარჯიში?- ვარჯიში დავიწყე არაჩვეულებრივ პიროვნებასთან, ქალბატონ ტატიანა სერგიაშვილთან. ეს იყო არა მარტო კარგი მწვრთნელი, არამედ მოთამაშეებს მეგობარივით გვედგა გვერდში და მშობელივით გვევლებოდა თავზე. მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს გაღებულკი და ამას ვერასოდეს დავივიწყებ.
– ისე, რატომ მაინც და მაინც კალათბურთი?- გეტყვით – ბავშვობაში სადაც ვცხოვრობდი, იქვე იყო საზოგადოება “სპარტაკი”, სადაც ერთი ძველი, სპორტული მოედანიც გვქონდა. იყო ხის ფარი და ბიჭებიც მონაცვლეობით ვთამაშობდით ხან კალათბურთსა და ხანაც ფეხბურთს. იყო ზონარებიანი ბურთი და კომფორტულად, ზუსტად რომ გესროლა კალათში, იმ ზონარებზე თითები არ უნდა დაგედო. ასე რომ, არჩევანი კალათბურთზე შევაჩერე და არასოდეს მინანია ამის გამო. კალათბურთი ხომ სპორტის მდიდარი, ლამაზი სახეობაა. კალათბურთზე 13 წლის ასაკში შევედი და როგორც ამბობენ, ვიყავი პირველი, ვინც ბურთს სტაბილურად, ნახტომში ისროდა. 1953-56 წლებში ვიყავი აჭარის ნაკრებში (16 წლამდე), სადაც ჩემთან ერთად კიდევ ბევრი ისეთი ახალგაზრდა იყო, რომელიც შემდგომში დიდ მოთამაშედ იქცა. 1957 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონები და ფინალში თბილისის ძალიან ძლიერ ნაკრებს ვაჯობეთ. შეხვედრა 77:70 მოვიგეთ, თბილისის ნაკრებში კი იყვნენ ლევან მოსეშვილი, ალექსანდრე გურჯიძე, კობა ჯიქია, თენგიზ ომიაძე და თვით ვლადიმერ უგრეხელიძე. აჭარაში ვიყავით მე, ვალერი ალთაბაევი, გივი თამლიანი, სოსო მაჭავარიანი, იური საგოიანი, ავთანდილ ცხადაძე. ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავდა, თუმცა ხალხს მაინც ეგონა, რომ ფინალში თბილისის ნაკრები მოიგებდა.
– აჭარის ნაკრების შემდეგ, 1958-ში თბილისის “დინამოში” გადადიხარ, არა?- არა, ჯერ საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, სადაც აჭარიდან მე და ალთაბაევი მოვხვდით. წაგვიყვანეს რიგაძი, სადაც საბჭოეთის სპარტაკიადა უნდა გამართულიყო. ჩემპიონები ვერ გავხდით, საბოლოოდ მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავედით, თუმცა გამოსვლით ყველანი კმაყოფილნი დავრჩით. ნაკრებში ჩემი და ალთაბაევის გარდა ასევე იყვნენ მოსეშვილი, გურჯიძე და ანზორ საკანდელიძე. მოსეშვილი ძალიან ლამაზ კალათბურთს თამაშობდა, იყო არაჩვეულებრივი ტექნიკის პატრონი და ცენტრის კვალობვაზე საკმაოდ სწრაფი და მობილურიც გახლდათ. ლევანი ბევრისთვის საყვარელ მოთამაშედ იყო მიჩნეული.
– რა მოხდა ნაკრების შემდეგ?- გამომიძახეს თბილისში, სადაც მწვრთნელ გიორგი ავალიშვილს შევხვდი. მან “დინამოში” გადმოსვლა შემომთავაზა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, იმ ეტაპზე ბატონი გიორგისთვის უარის თქმა მომიხდა. ვალერი ალთაბაევი კი დარჩა “დინამოში” და შემდგომში დიდებული კარიერაც ჰქონდა. 1959-ში ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1959-61 წლებში “ბურევესტნიკში” ვთამაშობდი, მერე კი 1961 წლიდან, 9 სეზონის განმავლობაში “დინამოში” ვირიცხებოდი. სხვათა შორის, “ბურევესტნიკშც” საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავდა – მე, ვალერი ლომაძე, რამაზ მანაგაძე, ანზორ საკანდელიძე და თამაზ კაკაურიძე.
– ბატონო ანტონ, “დინამოში” თქვენს პირველ შეხვედრას ხომ ვერ გაიხსენედბით?- მოდით, 1962 წლის სეზონით დავიწყოთ. შამწუხაროდ, პირველივე ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მივიღე, 2-3 დღის შემდეგ კი უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იწყებოდა, სამწუხაროდ, მხოლოდ მაყურებლის რანგში დავესწარი ამ შეჯიბრებას. ვუყურებდი და ვტკებოდი ლევან ინწკირველის, გურამ მინაშვილის თამაშს და ვტკბებოდი, მათი გამოსვლა ხომ ზღაპარი გახლდათ. ვითვისებდი ყველაფერს ამ უკანახაზელებისგან, რისი ათვისებაც შემეძლო და მერწმუნეთ, მათი არსენალი საკმაოდ მდიდარი გახლდათ.
– ბატონო ანტონ, ყველაზე დასამახსოვრებელ შეხვედრას ხომ ვერ გაიხსენებდით?- “დინამოს” გულისხმობთ?
– დიახ.- ასეთ შეხვედრად ულაპარაკოდ 1963-ში, მილანში გამართულ მატჩს დავასახელებ. “დინამო” ევროტურნირზე, საპასუხო მატჩში იტალიელთა საკმაოდ ძლიერ გუნდს, “მილანს” ვხვდებოდით და პირველი მატჩი, თბილისში 5 ქულის სხვაობით გვქონდა წაგებული. საკმაოდ დრამატული, დაძაბული განმეორებითი შეხვედრა 6 ქულის სხვაობით ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ და საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზეც გავედით. უნდა გენახათ, იტალიელთა გაგიჟებული სახეები საფინალო სირენის შემდეგ. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ საშინაო მატჩში 5-ქულიან ჰანდიცაპს ვერ შეინარჩუნებდნენ. იმ მატჩის დასრულების შემდეგ ყველანი ანზორ ლეჟავას დავიკიდეთ, კინაღამ დავაგდეთ ის მთასასავით კაცი, მერე კი გამოვქანდი და კალათს დავეკიდე. ეს ინსტინქურად გავაკეთე, რომელიღაცა ფოტოკორესპონდენტს კი ეს კადრი დაუფიქსირებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ფოტო ფრანგულმა “ლიბესნიონმა” გადაიღო, მოგვიანებით კი იგივე ფოტო არაერთ ქართულ გაზეთში გამოქვენდა, მათ შორის, “ლელოშიც”. სხვათა შორის, ის გაზეთი მოგვიანებით გურამ მინაშვილმა იშოვა და სადღაც, 50 წელიწადი ვერ ვიყოფდით გაზეთს, თუმცა დღეს შემიძლია გითხრათ, რომ “ლიბენსიონის” მაშინდელი, ჩემთვის ესოდენ ფასეული ნომერი სახლში მაქვს.
– იმ შეხვედრის პირადი სტატისტიკა ხო მარ გახსოვთ?- მაშინ მოხსნა-პასებსა და სხვა სტატისტიკას თითქმის არ აწარმოებდნენ, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მოედანზე შეუცვლელად ვიდექი. ჩვენთვის სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან უმთავრესი მაინც გუნდის საბოლოო წარმატება გახლდათ.
– კარიერაში ყველაზე წარმატებულ წლებად 1968 და შემდეგი სეზონები გაქვთ. 1968-ში “დინამოს” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდით, ერთი წლის მერე კი ვერცხლის მედლები აიღეთ და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალშიც გახვედით…- 1968 წლის სეზონში მართლაც არაჩვეულებრივი გუნდი გვყავდა. მაშინ არანაირი ფლეი ოფი არ იმართებოდა, ვთამაშობდით 4 წრეს და ვისაც ფინიშზე ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდებოდა, ჩემპიონიც ის გუნდი ხდებოდა. ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავდათ ცსკა-ს, ასკ-ს, “სპარტაკს”, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის მაინც ცსკა-ს წინააღმდეგ შეხვედრებს ჰქონდა. მოსკოვსა და თბილისშიც ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 68:60 მოვიგეთ და მიუხედავად იმისა, რომ ამავე გუნდთან დარჩენილი ორი დაპირისპირება დავთმეთ, საბოლოოდ, რუსებზე მეტი მოგება დაგვიგროვდა და ჩემპიონობაც მოვიპოვეთ. Mეორე ადგილზე ასკ გავიდა. მოკლედ, არაჩვეულებრივი გუნდი გვყავდა და ჩვენი წარმატებაც ლოგიკური გამოვიდა. სამწუხაროდ, მეორე წელს იგივეს გაკეთება ვეღა შევძელით, თუმცა საპრიზო ადგილზე მაინც გავედით.
– ევროპულ ფინალში რა მოხდა? წარმატების შანსი თუ გქონდათ?- როგორ არ გვქონდა. ფინალი ვენის “შპორტჰალეში” შედგა, თუმცა თავიდან მისი ჰელსინკიში გამართვა იგეგმებოდა. როდესაც მოსკოვში, სსრკ-ს ფედერაციას ფიბა-მ ფინალის ფინეთში ჩატარება შესთავაზა, რუსებმა უარი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო თქვეს – ვენაში ჩასვლის სემთხვევაში, ყველა ხარჯს საკუტარ თავზე ორგანიზატორები, ანუ მასპინძლები იღებდნენ, ფინეთში კი ყველა ხარჯი გუნდებს უნდა აგეღოთ, საბოლოოდ კი თანხის დაზოგვის გამო, მოსკოვში არჩევანი ვენაზე შეჩერდა. დარბაზში ძალიან ბევრი ჩეხი გულშემატკივარი იყო და “სლავიას” მხარს მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ უჭერდა. პირველი ტაიმი ფრედ, 33:33 დასრულდა, ბოლოში კი ჩეხებმა გვაჯობეს და 74:80 დავმარცხდით. მსაჯებიც მაგრად ეხმარებოდნენ ჩვენს მეტოქეს, მატჩის მერე კი ჩეხეთის მთელი დელეგაცია, იქვე, დარბაზის ტერიტოტიაზე მყოფ აუზში გადაეშვა.
– საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც გაქვთ ნათამაშევი…- 1961 წელს, ნაკრებს სურენ სპანტარიანი და ალექსანდრე გომელსკი ხელმძღვანელობდნენ და სწორედ ამ ეროვნული გუნდში მიმიწვიეს. ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე მიემგზავრებოდა და სამწუხაროდ, ორი დღით ადრე, მივიღე წელის ტრავმა, რის გამოც ნაკრებთან ერთად ჩემი გამგზავრება ვერ მოხერხდა. ასევე, 1965 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში ამიყვანეს და ერთი თვის განმავლობაში გუნდთან ერთად ჩინეთში ვიმყოფებოდი საერთაშორისო ტურნირზე. ნაკრებს მაშინ ოთარ ქორქია ედგა სათავეში და ჩინეთის უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებს ვეთამაშეთ.
– თამაში 29 წლის ასაკში დაასრულეთ…- დიახ, თუმცა კარიერის გაგრძელებაც თავისუფლად სემეძლო. ამის შემდეგ ჩავაბარე ფიზკულტურის ინსტიტუტში, მოგვიანებით კი შემომთავაზეს სპორტთამაშების კათედრაზე და 19 წლის განმავლობაში ამ კათედრას ვხელმძღვანელობდი, საერთო ჯამში, კი ფიზკულტურის ინსტიტუტში 1971-დან 2007 წლამდე ვიმუშავე. დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლავართ, იქამდე კი ამავე ფედერაციაში ჯერ ქალთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, მერე კი მწვრთნელთა, შემდეგ კი ტექნიკრ საბჭოს ვედექი სათავეში. კალათბურთი ვერასოდეს დამღლის და სადამდეც შევძლებ, იქამდე ერთგულად ვემსახურები ქართულ კალათბურთს.