ხვალ ქალაქ ლოძში საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთს ეთამაშება. საქართველოს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა, პოლონელებს კი 2 მოგების წილ ამდენივე მარცხი აქვთ და მესამე–მეოთხე ადგილებს ბულგარელებთან იყოფენ. იგორ კოკოშკოვის გუნდმა 15 დღის წინ პოლონელები თბილისში 19 ქულით დაჯაბნა, თუმცა ამჯერად ასეთი იოლი გასეირნება რომ არ გვექნება, თქმა არ უნდა. პოლონელებმა წინა მატჩში შინ ბელგიელები 20 ქულით დაამარცხეს და ქართველებთნაც გამარჯვებას გეგმავენ. თავის მხრივ, ქართველებიც მოსაგებად არიან ლოძში ჩასულები და რა როგორ იქნება, ხვალ საღამოს გავიგებთ, მანამდე კი ჩვენი ნაკრების ერთ–ერთი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი გვესაუბრება. თავდაპირველად მას ბულგარეთში 3 დღის წინ მოგებული მატჩი გავახსენეთ…
– ბულგარეთში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატურნირო თვალსაზრისით, მთავარი კი ის არის, რომ წარმატებას მივაღწიეთ იმ გუნდთან, რომელიც შინ ფაქტობრივად არ აგებს. ბულგარელები სოფიაში დიდი ხანია არ დამარცხებულან
– რა იყო გამარჯვების მიზეზი?
– ერთი მიზეზი არ არსებობს, წარმატებას რიგი სათამაშო კომპონენტების ხარჯზე მივაღწიეთ. ჩვენები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ დაცვაში, სოფიაში გუნდური თამაში ვუჩვენეთ, მატჩს საკმარისად მობილიზებული შევხვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შორეული ტყორცნები წაგვივიდა. მანუჩარ მარკოიშვილი კარგი მსროლელი რომ არის, ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა, შეიძლება ამა თუ იმ კალათბურთელს ერთ თამაშში წაუვიდეს სროლა, მეორეში – ვერა. მანუს ბულგარეთში ყველაფერი კარგად გამოუვიდა და მისმა ფაქტორმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
– საქართველოს ნაკრები ფიზიკურად საკმაოდ მძლავრად გამოიყურებოდა…
– ფიზიკურადაც კარგად ვიყავით მზად და ფსიქოლოგიურადაც. იყო ეპიზოდები, როცა ბულგარელებმა გაგვასწრეს, თუმცა ქართველი კალათბურთელები წონასწორობას ინარჩუნებდნენ და მშვიდად თამაშობდნენ. სწორედ ეს გახლდათ გადამწყვეტი. რაც შეეხება ფიზიკურ სიძლიერეს, ამ მხრივ ბულგარელებსაც არაფერი დაეწუნებოდათ.
– პირველი წრის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე ვართ, თუმცა მომდევნო მატჩში ძალიან რთული ბრძილა გველის.
– პოლონეთის ნაკრებმაც კარგად იცის, რომ მისთვის წაგება არ შეიძლება. მათ დარჩებათ პორტუგალიასა და ბელგიაში გასვლითი შეხვედრები, ხოლო პოლონეთში ბულგარეთს უმასპინძლებენ. გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია – წარმატების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს განვიმტკიცებთ, დაგვრჩება ორი საშინაო მატჩი და პორტუგალიაში გასვლა… ასე რომ, პოლონეთში გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.
– პოლონელების თამაში თუ ნახეთ მათი თბილისში დამარცხების შემდეგ?
– ბოლო შეხვედრა, რომელშიც პოლონეთმა ბელგიას მოუგო მწვრთნელებმაც ვნახეთ და კალათბურთელებთან ერთადაც გავაანალიზეთ. პოლონეთის ნაკრებს თბილისში 19 ქულის სხვაობით კი მოვუგეთ, მაგრამ ბელგიასთანაც დაამტკიცა, რომ სერიოზული გუნდია. მათ 3 უმაღლესი დონის კალათბურთელი ჰყავთ.
– ჩვენი უმთავრესი მიზანი რა იქნება ამ მატჩში?
– დაცვა და კიდევ ერთხელ დაცვა. მაღლებიც გასაჩერებლები არიან და დაბლებიც. პოლონეთის ნაკრები თანაბრად დაბალანსებული გუნდია და თუ მხოლოდ მეფარეების შეჩერებაზე იზრუნე, ხიფათი პერიმეტრის მოთამაშეებისგან შეიქმნება. ასე რომ, მეტოქის ყველა კალათბურთელს სიფრთხილით ვეკიდებით.
– ზაზა ფაჩულია ითამაშებს?
– მას ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ ფეხის ტკივილები ჰქონდა, თუმცა ახლა ცოტა დაუცხრა და გუნდთან ერთად პოლონეთთან შეხვედრისთვის ემზადება.